საზოგადოება
11/05/2021

რა შეღავათებით ისარგებლებენ ვაქცინირებულები - მთავრობა ექსპერტთა საბჭოსთან მსჯელობს

რა შეღავათები დაწესდება მათთვის, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზას გაიკეთებს, ეს მაისის ბოლოს გახდება ცნობილი. ჯანდაცვის მინისტრის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სახელმწიფო უწყებები ვაქცინაციის ექსპერტებთან ერთად თემაზე აქტიურად მუშაობენ. თამარ გაბუნია განმარტავს, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანია, არ შეიზღუდოს მოქალაქეების თავისუფალი ნება.

"კარგია ის, რომ ბოლო პერიოდში ძალიან მაღალ აქტივობას ვხედავთ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ აცრის სარგებელი ყველანაირი სტიმულის გარეშე მოსახლეობისთვის მეტად გასაგებია. რაც შეეხება წახალისებას, წახალისების სხვადასხვა მექანიზმი აქტიურად მოქმედებს სხვადასხვა ქვეყანაში. დღეს ვაპირებთ ამ საკითხზე დამატებით მსჯელობას ვაქცინაციის ექსპერტების საბჭოსთან. წახალისების შემთხვევაში მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მთელი რიგი ეთიკური ასპექტები, რომ ეს არ იყოს დისკრიმინაციული, არ იყოს იმდენად მაღალი მონეტარული სარგებლის მატარებელი, რომ ამან გავლენა იქონიოს და შეზღუდოს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა. ვფიქრობ, მაისის ბოლოსთვის უფრო მეტად კონკრეტული პაკეტი გვექნება, თუ რა შემთხვევაში და როგორ გამოვიყენოთ წახალისება",- განაცხადა გაბუნიამ.