საზოგადოება
02/08/2021

რა პირობებია შვილის შეძენისას იპოთეკურ სუბსიდირებაზე - მინისტრის განმარტება

პროგრამას “აწარმოე საქართველოში“ ემატება ახალი კომპონენტი, რომლის მიხედვითაც მრავალშვილიანი ოჯახები, ასევე ოჯახები ვისაც ახალშობილი ეყოლებათ იპოთეკური სუბსიდირებით ისარგებლებენ. 

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განმარტებით, ოჯახებმა, ვისაც 1-ელი სექტემბრის შემდეგ ეყოლებათ ახალშობილი, ყოლის მომენტიდან 12 თვის განმავლობაში უნდა მიმართონ ბანკს, აიღონ იპოთეკური სესხი და შეიძინონ ბინა, ან საცხოვრებელი სახლი. თანასუბსიდირება 200 000 ლარის სესხზე მოხდება. 

იმ ოჯახებისთვის, ვისაც შეეძინებათ პირველი ან მეორე შვილი, ბანკის სესხის პროცენტის თანადაფინანსება იქნება თითქმის ნახევარი. პირობითად თუ 12%-ში აიღებენ იპოთეკურ სესხს, აქედან 6% იქნება სახელმწიფოს მიერ დაფარული. 

ხოლო თუ საუბარია მესამე, მეოთხე და მომდევნო შვილებზე, ამ შემთხვევაში თანადაფინანსება გაცილებით მეტია, დაახლოებით 8 %. ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი ოჯახი დაახლოებით 4%-ში აიღებს იპოთეკურ სესხს, იმისთვის, რომ საცხოვრებელი პირობები გაიუმჯობესოს.

სახელმწიფო თანადაფინანსებას 5 წლის მანძილზე განახორციელებს. 

პროგრამის მოქმედების ქვეშ ავტომატურად მოექცევუან მრავალშვილიანი ოჯახები, ანუ ვისაც 3 ან მეტი შვილი ჰყავთ, მათ შესაძლებლობა ექნებათ 1-ელი სექტემბრიდან შემდეგი 12 თვის განმავლობაში მიმართონ საბანკო დაწესებულებას. მათ სახელმწიფო საბანკო პროცენტის 2/3-ს დაუსუბსიდირებს, ესეც დაახლოებით 4%-იანი სესხი იქნება.