რა ინტენსივობით მიმდინარეობს მსოფლიოში კოვიდვაქცინაცია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით პანდემიის დასრულების მთავარი გზაა კოვიდვაქცინაცია.
მან ისაუბრა, თუ რა ინტენსივობით მიმდინარეობს მსოფლიოში ვაქცინაცია.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ყოველდღიურად 6-დან 7 მილიონამდე ადამიანი იცრება,ამ ეტაპზე ჯერჯერობით გლობალურად მოსახლეობის 5%-დან 6%-მდეა აცრილი.
“მსოფლიოში 381 მილიონი აცრაა გაკეთებული. ვაქცინაცია დაწყებულია 133 ქვეყანაში და სასიამოვნოა, რომ გუშინდელი დღიდან ამ 133 ქვეყანაში ჩვენც ვართ. ვაქცინის უმრავლესობა ორჯერადად არის გასაკეთებელი. მხოლოდ 1 ვაქცინა გაჩნდა ახლა, Johnson & Johnson, რომლის მხოლოდ ერთხელ გამოყენება შეიძლება. გლობალური მიზანია, მოსახლეობის 70%-ის ვაქცინაცია, რათა იმუნიტეტი ჩამოყალიბდეს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მისი ინფორმაციით, კოვიდვაქცინაციით ლიდერობს აშშ, რომელსაც 109 მილიონი აცრა ვიზიტი აქვს, მეორე ადგილზეა ჩინეთი (65 მილიონი), მესამე ადგილზეა ევროკავშირი (50 მილიონი), მეოთხეზე ინდოეთი (31 მილიონი), მეხუთეზე გაერთიანებული სამეფო (26 მილიონი), მეექვსეზე ბრაზილია (13 მილიონი), მეშვიდეზე თურქეთი (11 მილიონი), მერვე ადგილზე ისრაელია (9 მილიონი), მეცხრე ადგილზეა გერმანია (9 მილიონი), მეათეზე რუსეთი (8.5 მილიონი).
“ორჯერადი აცრებით პატარა სახელმწიფოები ლიდერობენ, კერძოდ ეს არის გიბრალტარი, რომელმაც მოსახლეობის 52% აცრა ორჯერადად და შემდეგ მოდის ისრაელი, რომელიც ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა ვაქცინაციაში, რომლის მაგალითიც უნდა აიღოს ყველა ქვეყანა. მან მოსახლეობის 49.6% აცრა ორჯერადად“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, დღეს ძირითადად გამოიყენება შემდეგი ვაქცინები - „ასტრაზენეკა“, „ფაიზერი“, „მოდერნა“, „სპუტნიკი“, „სინოფარმი“, „სინოვაკი“, „კოვაქსინი“.
„კვლევის ფაზაშია ბევრი ვაქცინა, კერძოდ პირველ ფაზაშია 42, მეორე ფაზაში 33 და მესამე, დამამთავრებელ ფაზაშია 22 ვაქცია, რომლებიც შეიძლება ზაფხულში გამოჩნდნენ“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.