საზოგადოება
28/06/2021

პროგრამა "გადაიღე საქართველოში" განახლდება

წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ, “აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში კინოინდუსტრიის მხადაჭერის პროგრამა განახლდება, - გადაწყვეტილება მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიფინგზე განაცხადა, “აწარმოე საქართველოში“ ახალი განაცხადების მიღებას რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.  

“ბოლო პერიოდში რამდენიმე ძალიან წარმატებული შემთხვევა გვქონდა, როდესაც პროგრამა “აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ჰოლივუდმა გადაიღო ფილმები, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ცნობილი კინოკომპანიები აწარმოებდნენ კინოგადაღებას. 2019 წლის ბოლოს კოვიდპანდემიის დაწყებასთან ერთად შეწყდა დროებით ამ პროგრამის განხორციელება.

ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, განახლებული ფორმით, აღვადგინოთ კინოინდუსტრიის მხარდაჭერის პროგრამა. “აწარმოე საქართველოში“ რამდენიმე დღეში გამოაცხადებს ახალი განაცხადების მიღებას. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს პოპულარიზაციას, სხვადასხვა მსოფლიოში აღიარებული და ცნობილი კინოკომპანიის საქართველოში ჩამოსვლას და აქ კინოგადაღებას, ასევე გარკვეული სამუშაო ადგილების შექმნას. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრამის განახლების მოლოდინში რამდენიმე პროექტი იყო წარმოყებული, რომელიც ეხება საქართველოში არა მხოლოდ ერთჯერადად რომელიმე კინოპროდუქტის გადაღებას, არამედ კონკრეტულად სტუდიების და პავილიონების შექმნას და გახნას, მათ შორის ჰოლივუდთან ასოცირებული კომპანიებიდანაც არის ასეთი იდეა და შემოთავაზება. დარწმუნებულები ვართ, ეს პროგრამა მომავალ წლებში ძალიან წარმატებული იქნება, ხელს შეუწყობს ასევე ტურიზმის განვითარებას, საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას და საქართველოში მსოფლიო კინოინდუსტრიის პლატფორმის დამკვიდრებას“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ 2016 წლიდან მოქმედებდა და 2019 წელს შეჩერდა. კინომწარმოებლებმა პროგრამის განახლების მნიშვნელობაზე ეკონომიკის სამინისტროს განცხადებითაც მიმართეს.