საზოგადოება
01/12/2021

პროფესიული სასწავლებლები ერასმუსის პროგრამაში ჩაერთვებიან

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 6 წელიწადში ყველა პროფესიული სასწავლებელი ახალ სტანდარტთან სრულ შესაბამისობაში იფუნქციონირებს. წახალისდება გაცვლითი და ერთობლივი პროგრამების განხორციელება უცხოურ სასწავლებლებთან ერთად. 

მისი თქმით, გაცვლით პროგრამებს შესთავაზებენ როგორც სტუდენტებს, ისე პედაგოგებს. 

"წელს გაორმაგდა საბაზო განათლების მქონე მოზარდებისთვის შეთავაზებული ადგილების რაოდენობა ინტეგრირებულ საშუალო პროფესიულ პროგრამებზე, რომლებიც საშუალო განათლებასთან ერთად მათ პროფესიის დაუფლების შესაძლებლობასაც აძლევს. ინტეგრირებული პროგრამების რიცხვი ეტაპობრივად გაიზრდება. ასევე მჭიდროდ დაუკავშირდება ერთმანეთს პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურები. ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზრდასრული მოსახლეობის პოტენციალის გააქტიურება. ყოველწიურად გაიზრდება სახელმწიფო სასერტიფიკატო მომზადება-გადამზადების პროგრამების მიწოდების მასშტაბიც. 6 წელიწადში ყველა სასწავლებელი იფუნქციონირებს ახალ სტანდარტთან სრულ შესაბამისობაში, რაც გაამყარებს საერთაშორისო კავშირებს და ხელს შეუწყობს ეროვნული კვალიფიკაციების საერთაშორისო დონეზე აღიარებას. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სისტემის ინტერნაციონალიზაციაზე. წახალისდება გაცვლითი და ერთობლივი პროგრამების განხორციელება უცხოურ სასწავლებლებთან ერთად. იგეგმება ერასმუს პროგრამის ამოქმედება უკვე პროფესიული განათლების საფეხურზე. სასწავლებლებში ამოქმედდება უცხოური ენის ცენტრები. გაცვლითი პროგრამები შეთავაზებული იქნება როგორც სტუდენტებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის. სასწავლო პროცესში უცხოელი პროფესიონალები ჩაერთვებიან, რაც საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის სწავლებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა მიხელ ჩხენკელმა პარლამენტში, სადაც მას მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.