საზოგადოება
17/07/2023

პროექტი, რომელიც საქართველოს რეგიონებიდან მიგრაციას შეამცირებს უკვე დაიწყო

საქართველოს 4 რეგიონში ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით, საინვესტიციო პროექტები განხორციელდება.

ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების დაბალანსება საქართველოს რეგიონებში, დიდ ქალაქებთან, კერძოდ თბილისთან და ბათუმთან მიმართებაში - ეს არის  ძირითადი მიზანი პროექტის, სახელწოდებით „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის – ეკონომიკური და სოციალური  ცხოვრების კატალიზატორი“.   

როგორც „ბიზნესპარტნიორს“  პროექტის ავტორებმა განუცხადეს, ინიციატივა ორიენტირებულია, გამოავლინოს გამოუყენებელი ეკონომიკური და სოციალური პოტენციალი საქართველოს ოთხ რეგიონში, ესენია- გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის ნიკოლას სენდეროვიჩის ინფორმაციით, პროექტის მიზანია მოხდეს არსებული, მაგრამ აუთვისებელი პოტენციალის "კატალიზირება", დადებითი ეკონომიკური და სოციალური შედეგების მისაღწევად.  შესაბამისად, ამ პროექტის არსს წარმოადგენს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, რეგიონებიდან მიგრაციის შემცირება და იმ მოსახლეობის რაოდენობის მნიშვნელოვანი  ზრდა, რომლებიც საქართველოს რეგიონებში საცხოვრებლად გადასვლას ამჯობინებენ.

“ამ პროექტს ახლახან შემოვუერთდი და ძალიან მიხარია, რომ აქ ვიმყოფები. პროექტის მთავარი დანიშნულება არის რეგიონებში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, რომ ამ კუთხით განვითარებული იყოს არა მხოლოდ თბილისი, არამედ საქართველოს სხვა რეგიონებიც. 

რაც შეეხება პროგრამის შემდგომ განვითარებას, ჯერ დავაკვირდებით როგორ განხორციელდება უკვე არსებული პროექტები შერჩეულ 4 რეგიონში,  რომელთანაც უკვე მრავალი წელია ვთანამშრომლობთ და მიღებული შედეგების მიხედვით, განვიხილავთ პროგრამის გაგრძელების სავარაუდო გზებსაც”, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“  ნიკოლას სენდეროვიჩმა.

გერმანიის საელჩოს სამხრეთ კავკასიის განვითარების თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის, ლიდია ქრისტმანის განცხადებით, ევროკავშირისა და გერმანიის ერთობლივი პროექტი მიმართულია და ფარავს ქვეყნის იმ რეგიონებსა და არეალებს, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ მხარდაჭერას.

"აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის ფარგლებში, მოხდება კონკრეტული ოჯახების შემოსავლების გაზრდა, მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის ფარგლებში, ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოს ხელისუფლებასთან,  პროექტში ჩართულია სხვადასხვა დაინტერესებული მხარეც, მათ შორის - სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები”,- აღნიშნა ლიდია ქრისტმანმა.

ცნობისთვის, პროექტის ბიუჯეტი, 7.5 მილიონი ევროა. აქედან, ევროკავშირის დაფინანსება 6.6 მილიონია, ხოლო გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს კონტრიბუცია - 1 მილიონი ევროა.  პროექტს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება ახორციელებს. პროექტის ძირითადი პარტნიორია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროც.

პროექტი სახელწოდებით "ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის – ეკონომიკური და სოციალური  ცხოვრების კატალიზატორი“   ძირითადად მუნიციპალიტეტებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობს და თითქმის  4 წელი გაგრძელდება.

 

 

Businesspartner