პრემიერი: უკრაინელი ხალხის დასახმარებლად მთავრობამ უკვე გაიღო $7 მილიონი
პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით წარდგა და დეპუტატების მიერ გაგზავნილ შეკითხვებს უპასუხა.
ძირითადი საკითხი უკრაინა-რუსეთს შორის მიმდინარე ომი, საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და სანქციებთან მიერთების საკითხი იყო.
ირაკლი ღარიბაშვილმა ვრცლად ისაუბრა, თუ რა ნაბიჯები გადადგა ქვეყანამ საერთაშორისო დონეზე უკრაინის მხარდასაჭერად.
"ომის დაწყების პირველივე დღიდან საქართველო გამოხატავს სრულ სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ. სხვაგვარად შეუძლებელია, რადგან უკრაინასთან გვაქვს ისტორიული მეგობრობა. ჩვენი ხელისუფლების უმაღლესმა წარმომადგენელმა მრავალ საჯარო განცხადებაში ხაზგასით დავგმე რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესია. საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ რეზოლუცია მიიღო. დაგმო სუვერენული სახელმწიფო მიერ მიმართული ყოველგვარი განზრახვა. 6 აპრილს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში ჩავიდა და უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან ერთად ომით დაზარალებული ქალაქები მოინახულა. საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩვენი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობები მუდმივად გამოხატავენ უკრაინისადმი მხარდაჭერას.
საქართველო გაეროს 96 ქვეყანას შორის იყო, ვინც თანასპონსორობა გაუწია "აგრესია უკრაინის წინააღმდეგ" რეზოლუციას. საქართველო იყო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის ჰუმანიტარული შედეგების შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის ერთ-ერთი მთავარი თანასპონსორი. საქართველომ მხარი დაუჭირა ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას. საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებას, რუსეთისთვის საპარლამენტო ასამბლეაში უფლებების შეჩერების შესახებ.
საერთო ჯამში თებერვლიდან მოყოლებული საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინისადმი ჩვენი მხარდამჭერი განცხადებების, დეკლარაციებისა და გაგაწყვეტილებების რაოდენობა 235-ია",- განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, მთავრობამ უკრაინელების დასახმარებლად უკვე გაიღო $7 მილიონი და წლის ბოლომდე კიდევ $7 მილიონის გამოყოფა იგეგმება.
"სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებმა ეროვნული ბანკის მითითება მიიღეს. ომის დაწყებიდან ჩვენი მთავრობა მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს უკრაინას და ამ მხრივ გამოვირჩევით მსოფლიო ქვეყნებს შორის. მთავრობამ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად უკვე გაიღო $7 მილიონი. მათ შორის, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი იყო 1 მილიონი ლარი. უკრაინისადმი დახმარება გაგრძელდება და წლის ბოლომდე ჩვენი ვარაუდით $7 მილიონი დოლარი გამოიყოფა",- აღნიშნა პრემიერმა.