საზოგადოება
14/02/2022

პრემიერი: "მწვანე ბარათის" გამოყენებამ აზრი დაკაგრა

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში "მწვანე ბარათის" გამოყენებამ აზრი დაკარგა, შესაბამისად, საკოორდინაციო საბჭომ მისი გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. 

"რატომ გავაუქმეთ მწვანე პასპორტები - ჩვენ რა თქმა უნდა შევისწავლეთ აღნიშნული საკითხი, ევროპის ქვეყნების გამოცდილება და პრაქტიკა. ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით, ამ ბარათების ფუნქციონირება მიზანშეწონილად აღარ ჩავთვალეთ. "მწვანე ბარათების" გამოყენებამ აზრი დაკარგა. თავიდან ჩვენი ამოცანა იყო ვაქცინაციის წახალისება. "დელტა" და სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი იყო, მაგრამ ვაქცინირებულ პირს "ომიკრონი" ჩვეულებრივად ემართება. გასულ წელს სხვა შტამი მქონდა, ორჯერ ვიყავი აცრიი და "ომიკრონი" მაინც დამემართა. ეს ვირუსი მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს და მიდგომაც შეიცვალა", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მისი თქმით, ევროპის არცერთ ქვეყანაში შეზღუდვების დაწესებაზე აღარ ფიქრობენ. 

"ჩვენ უნდა ვმართოთ სიტუაცია და მეორეს მხრივ, ხელი შევუწყოთ ეკონომიკის სწრაფ აღდგენას და განვითარებას. 2021 წელს კარგი შედეგი გვქონდა, გვინდა, რომ წელს უფრო კარგი შედეგი გვქონდეს. ამას სჭირდება შეგუება და თანაცხოვრება პანდემიასთან", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

პრემიერის განცხადებით, ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამა გრძელდება. 50 წლის ზემოთ ასაკის პირები ვაქიცნაციის შემთხვევაში 200 ლარს იღებენ, ბუსტერდოზის შემთხვევაში კი, 100 ლარს. 

შეგახსენებთ, "მწვანე ბარათი" ქვეყანაში 2021 წლის დეკემბრიდან ამოქმედდა, თუმცა მის ფორმასთან დაკავშირებით პროტესტი თავიდანვე გამოითქვა. მუდმივი ე.წ. მწვანე სტატუსი იმ პირებსაც ენიჭებოდათ, ვისაც კორონავირუსი ერთხელ მაინც ჰქონდათ გადატანილი. შესაბამისად, გამოთქმული იყო მოსაზრება, რომ ეს ფორმა უსაფრთხო გარემოს შექმნას ხელს ვერ შეუწყობდა. 

განსაზრულ ადგილებში, "მწვანე ბარათით" შესვლა შეეძლოთ იმ პირებს, რომლებიც იყვნენ სრულად ვაქცინირებულები, ან ჩატარებული ჰქონდათ ბოლო 72 საათის განმავლობაში PCR ტესტი, ან ბოლო 24 საათის განმავლობაში სწრაფი ტესტი, ან გადატანილი ჰქონდათ კორონავირუსი. 

ხშირად მიდიოდა დისკუსია "მწვანე ბარათის" ფორმის გადახედვაზე და უფრო გამკაცრებასთან დაკავშირებით, თუმცა საკოორდინაციო საბჭომ ის საერთოდ გააუქმა. 

 

Businesspartner