საზოგადოება
20/06/2022

პრემიერი: მოლდოვასა და უკრაინას კანდიდატის სტატუსს ავანსად აძლევენ

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო ევროკომისიის რეკომენდაციებზე მუშაობას მას შემდეგ დაიწყებს, რაც ევროსაბჭო ოფიციალურად დაამტკიცებს აღნიშნულ დასკვნას.

ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, რომ დადგენილი პრიორიტეტების შემდეგ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭება. 

"ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება. პირველად გაჩნდა ისტორიული ჩანაწერი, რომ ევროკომისია ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, რათა ის გახდეს ევროკავშირის წევრი. ვულოცავ თითოეულ ქართველს ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას. 

საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი, როგორც კი პრიორიტეტები შესრულდება. ახლა როგორც კი დაამტკიცებს საბჭო ამ რეკომენდაციებს, ჩვენ დავიწყებთ მუშაობას მაშინვე ბრიუსელთან. ამ რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი ისედაც იყო ჩადებული ჩვენს დღის წესრიგში",- აღნიშნა მან. 

ღარიბაშვილმა ასევე მოლდოვასა და უკრაინაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ორ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არსებული მძიმე მდგომარეობის გამო "ავანსად" მიენიჭა. 

"მოლდოვასა და უკრაინას აქვს იდენტური ჩანაწერი პერსპექტივასთან დაკავშირებით. რეალურად, სტატუსს აძლევენ ავანსად. მაგრამ ამავდროულად მათაც სთხოვენ მთელი რიგი რეფორმების გატარებას. ჩვენ შემთხვევაში პირიქით არის. ჯერ პირობები უნდა შევასრულოთ და ამის შემდეგ მოგვენიჭება სტატუსი. ჩვენ კარგად გვესმის, რომ უკრაინა უმძიმეს მდგომარეობაშია. იქ ომი გრძელდება. მოლდოვაც ძალიან რთულ მდგომარეობაშია, ვინაიდან მოსაზღვრე ქვეყანაა და უამრავი ეკონომიკური და უსაფრთხოების რისკები გაეზარდა. ჩვენი ევროპელი კოლეგები მეუბნებოდნენ, რომ უკრაინას ამ სტატუსს ომის გამო აძლევენ. ევროპელი ლიდერები ამ ფაქტს საჯაროდ ადასტურებენ. ნამდვილად არ მშურს არც უკრაინისა და არც მოლდოვის. მე ვულოცავ ჩვენს მეგობარ ხალხს ამ წარმატებას. ვუსურვებ მშვიდობასა და ქვეყნის გაერთიანებას",- განაცხადა ღარიბაშვილმა.