პრემიერი: დიდი სურვილი გვაქვს, წელს 50 000 ადამიანი დავასაქმოთ
საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამაში 20 000-მდე აპლიკაციაა შესული.
პრემიერი შრომისუნარიან სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მოუწოდებს, კიდევ უფრო მეტმა გამოთქვას დაინტერესება.
"ჩვენი საბოლოო მიზანია, 200 000 ახალი სამუშაო ადგილი შევქმნათ", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ეს მიზნობრივი მაჩვენებელი 2-3 წლის განმავლობაშია მიღწევადი. წელს კი, იგეგმება, რომ 50 000 ადამიანი დასაქმდეს.
"200 000 საზოგადოებრივი სამუშაო ადგილი - ეს შეიძლება წელს ვერ მოესწროს, მაგრამ 2-3 წლის განმავლობაში ეს მიზნობრივი მაჩვენებელი არის მიღწევადი, მე ვფიქრობ. წელს დიდი სურვილი გვაქვს, რომ 50 000 ადამიანი დავასაქმოთ. ახლა ვიწყებთ მშენებლობების მასშტაბურ პროექტებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მთავრობის სხდომის შემდეგ მინისტრებთან ერთად, სამინისტროების მიხედვით გავივლით ჩვენ იმ პროექტებს, რომლებიც გვაქვს დაგეგმილი და შეიქმნება მეტი სამუშაო ადგილი, მეტი მოთხოვნა გაჩნდება და კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში ჩავერთოთ ამ პროგრამაში,“- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.