საზოგადოება
11/04/2022

პრემიერი: 200-მდე ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტი 60-70%-ით ნაკლებ ფასადაა ხელმისაწვდომი

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მას შემდეგ, რაც თურქეთის ბაზარი გაიხსნა, 200-მდე დასახელების ყველაზე მოთხოვნადი მეტიკამენტი 60-70%-ით ნაკლებ ფასად არის ხელმისაწვდომი. 

"ჩვენი მოქალაქეებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო და ჯერ კიდევ რჩება, მაღალი ფასები მედიკამენტებზე. თუმცა, ეს საკითხი პრაქტიკულად უკვე ამოწურულია, მოგვარებულია. როდესაც ამაზე საუბარი დავიწყეთ, მოვისმინეთ კრიტიკული გამონათქვამები, უსამართლო კრიტიკა, სკეპტიციზმით, რომ ეს შეუძლებელი იყო. მაგრამ ამ მიმართულებით ჩვენ საკმაოდ ეფექტური ნაბიჯები გადავდგით და ძალიან მალე, მას შემდეგ, რაც გაიხსნა თურქეთის ბაზარი, რომელიც აწარმოებს მაღალი ხარისხის და ამავდროულად იაფ მედიკამენტებს, დაიწყო ამ წამლების შემოტანა საქართველოში. დღეს, 200-მდე მედიკამენტი 60-70%-ით ნაკლებ ფასადაა ხელმისაწვდომი. ეს არის ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტები, ჩვენ ამაზე გავაკეთეთ აქცენტი. თორემ, ბუნებრივია ჩვენს სისტემაში 10 000-ზე მედიკამენტია დარეგისტრირებული, მაგრამ ყველაზე მოთხოვნადი რაც იყო, სწორედ მათზე გავაკეთეთ ფოკუსირება და კონცენტრირება", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ამასთან, პრემიერის თქმით, პირველი მარტიდან ქვეყნის მასშტაბით, ყველა ექიმი ვალდებულია, მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტი გამოწეროს მხოლოდ ელექტრონულად. 

"ესეც უკავშირდება სწორედ ამ დაბალი ფასების შენარჩუნებას. ჩვენი მიზანია, ზოგადად ფარმაცევტული სფერო მაქსიმალურად იყო გახსნილი, კონკურენტუნარიანი და სწორედ, მედიკამენტებზე დავაწესოთ სამართლიანი ფასები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

Businesspartner