საზოგადოება
17/02/2021

„პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევაზე სანქცია იურიდიული პირებისთვისაც გაიზარდოს“ - დეპუტატების მოთხოვნა

პარლამენტი პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევასთან დაკავშირებით ჯარიმის გაზრდაზე კანონპროექტს განიხილავს.

პროექტი, დეპუტატმა ლადო კახაძემ წარმოადგინა.

ცვლილებას „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ ითვალისწინებს, რომლის თანახმადაც პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევისთვის 50 ლარიანი ჯარიმა იქნება. წესის დარღვევაზე ჯარიმის გაზრდა მხოლოდ ფიზიკურ პირებს ეხებათ. „ქართული ოცნების“ დეპუტატები კი, გამოვიდნენ ინიციატივით, რომ სანქცია გაიზარდოს იურიდიული პირებისთვისაც.

„ჩვენი ბიზნესის და სხვა იურიდიული პირების სანაქებოდ უნდა ვთქვათ, რომ ამ მიმართულებით ხშირი სამართალდარღვევა არ არის. კანონპროექტი, მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის ითვალისწინებს ჯარიმის გაზრდას. განმეორებით იგივე სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში პასუხისმგებლობა იურიდიული პირებისთვისაც უნდა ორმაგდებოდეს. მითუმეტეს, როდესაც მათი მხრიდან არ არის ხშირი სამართალდარღვევა, ვფიქრობ, ეს კარგი ჟესტი იქნება. თავის მხრივ ესეც გააჩენს შესაძლებლობას, რომ თუნდაც სწორი პასუხისმგებლობის გაჩენა გახდეს წინაპირობა, შეზღუდვების მოხსნის მიმართულებით, მთავრობამ უფრო გაბედული ნაბიჯები გადადგას“,- განაცხადა დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ.

აქვე, დეპუტატის გია ვოლსკის შეფასებით, ეკონომიკის გახსნის პარალელურად წესებიც უნდა გამკაცრდეს.

„ეკონომიკის ამდენი ხნით გაჩერებამ შეიძლება სავალალო შედეგი გამოიწვიოს. შეიძლება კი არა, ზუსტად ვიცით“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

მოქმედი კანონმდებლობით, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვება იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის 500 ლარით დაჯარიმებას იწვევს. 

Businesspartner