Pfizer-ით ვაქცინაცია 16 ივლისიდან დაიწყება - რომელ კლინიკებში შეძლებთ აცრას
საქართველოში პირველ ეტაპზე Pfizer-ის 28 000 დოზა შემოვიდა. თუმცა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ივლისში Pfizer-ის დამატებითი დოზები კიდევ შემოვა. ჯამში ქვეყანაში 1მლნ დოზაზე მეტი იქნება. აგრეთვე მოლაპარაკება მიმდინარეობს აშშ-სთან, რომელიც დონაციის სახით გადმოგვცემს Pfizer-ს. დოზების და შემოტანის თარიღის შესახებ ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, Pfizer-ით აცრას 18 წლის ზემოთ ასაკის პირები შეძლებენ. ჯავშანი დღეს 15:00 საათიდან იქნება შესაძლებელი, ვაქცინაცია კი, 16 ივლისიდან დაიწყება. პირველ ეტაპზე Pfizer-ის ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება შემდეგ კლინიკებში: თბილისში -ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფო, სადაც 10-მდე ბრიგადა იმუშავებს, კავკასიის მედიცინის ცენტრი, ბოკერიას კლინიკა, ამტელ ჰოსპიტალი. აგრეთვე გორის სამხედრო ჰოსპიტალში, ბათუმში - რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც 4 ბრიგადა იმუშავებს, ქუთაისში - დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში.
“მეორე ეტაპზე თანდათან გაფართოვდება კლინიკების ჩამონათვალი. ივლისის ბოლომდე Pfizer-ის შემთხვევაში უნდა დავიდეთ დაახლოებით 95 კლინიკამდე, რომელიც ქვეყნის მასშტაბით იქნება გაშლილი. ბრიგადემის რაოდენობა 160-მდე გაიზრდება. აგვსტოში კლინიკების ჩამონათვალი ისევ გაიზრდება, ბრიგადების რაოდენობა 250-მდე ავა“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში არის იმის საფუძველი, რომ მასობრივი იმუნიზაცია გააქტიურდეს. ქვეყანაში 4 ვაქცინაა - “ფაიზერი“, “ასტრაზენეკა“, “სინოფარმი“ და “სინოვაკი“. გუშინდელი მონაცემებით 7-მდე ადამიანი აიცრა. დღეს დაახლოებით 8 000 ჯავშანია. სამიზნეა დღეში 20 000-დან 25 000-მდე აცრა.
“აცრის გარეშე ჩვენ ვერ შევაჩერებთ იმ თანდათან გაუარესებად ეპიდსიტუაციას, რაც ქვეყანაში გვაქვს, ვერ დავასრულებთ ეპიდემიას ქვეყანაში. ყველას უმორჩილესად გთხოვთ, აიცრათ“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.