საზოგადოება
08/06/2021

Pfizer-ით 18 წლის ზემოთ ასაკის პირები აიცრებიან  

Pfizer-ის ვაქცინით, რომელიც საქართველოში კიდევ შემოვა, 18 წლის ზევით ასაკის პირები აიცრებიან. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, ასაკობრივი შეზღუდვა შეეხება მხოლოდ AstraZeneca-ს ვაქცინას, რომელიც 45 წლის ზემოთ ასაკის პირებშია რეკომენდირებული.  

“ვაქცინაციის პროგრამა ღიაა 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის და ეს ასევე დარჩება, მიუხედავად იმისა, რა ტიპის ვაქცინა შემოვა ქვეყანაშ, იქნება ეს Pfizer, Novavax თუ ნებისმიერი სხვა. 18 წლის ზემოთ მოქალაქეების ჩართვის შესაძლებლობა პროგრამაში შენარჩუნდება.

შეზღუდვა შეეხება AstraZeneca-ს, რომელიც მხოლოდ 45 წლის ზემოთ ასაკის პირებშია რეკომენდირებული, რაც ჯერჯერობით ასე დარჩება, თუ ჯანმო განსხვავებულ მტკიცებულებებს არ მოგვაწვდის“,- აღნიშნა თამარ გაბუნიამ. 

რაც შეეხება იმას, თუ როდის შემოვა Pfizer-ის ვაქცინა საქართველოში, უახლოეს მომავალში გახდება ზუსტი თარიღი ცნობილი. 

“Pfizer-თან მუშაობის პირველი ეტაპი დასრულებულია, მეორე ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენ მოკლე ხანში გვექნება იმის საშუალება, რომ უკვე ზუსტი ვადები გაგაცნოთ. დეტალები არის გაუთქმელობის ხელშეკრულების ნაწილი, ამდენად ჩვენ ჯერჯერობით ამაზე საუბრის შესაძლებლობა არ გვაქვს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.