საზოგადოება
24/09/2021

პარლამენტმა სურსათის ბანკის შექმნის საკითხზე დაიწყო მუშაობა

პარლამენტმა სურსათის ბანკის შექმნის საკითხზე დაიწყო მუშაობა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი საფრანგეთის საელჩოს ეკონომიკის სამსახურის უფროსს, ფრანსუა ჰენრი კლოარეკს შეხვდა, სადაც სურსათის ბანკის შექმნასა და სურსათების მარაგების სწორად მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. 

"აგრარულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, „კარფურთან“ თანამშრომლობითა და გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაციის ერთობლივი ხედვით, საკანონმდებლო ჩარჩოს მოწესრიგება იგეგმება, რომელიც სურსათის მარაგების სწორად განაწილებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა ხატია წილოსანმა. 

დეპუტატის თქმით, აღნიშნული ინიციატივა ქვეყნის მასშტაბით უვნებელ სურსათზე კიდევ უფრო მეტ ხელმისაწვდომობას გახდის შესაძლებელს. 

"ფრანგული გამოცდილების გაზიარების მიზნით, საფრანგეთის საელჩოს ატაშესთან შეხვედრაზე, საელჩოს მხრიდან ქართველი სპეციალისტებისთვის საფრანგეთში სასწავლო ვიზიტის უზრუნველყოფის მზადყოფნა გამოითქვა, რაც ჩვენ სპეციალისტებს სურსათის მარაგების მართვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ცოდნას შესძენს", - განაცხადა ხატია წილოსანმა.