საზოგადოება
11/06/2021

პარლამენტმა სამშენებლო ამნისტიაზე და მკაცრ რეგულაციებზე პროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა ცვლილებათა პაკეტი პირველი მოსმენით მიიღო, რომელიც როგორც სამშენებლო ამნისტიას, ისე მკაცრ რეგულაციებს ეხება. 

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებით წესს ითვალისწინებს. ამისთვის, აუცილებელი პირობაა, რომ მშენებლობისთვის ნებართვა იყოს გაცემული, ან ობიექტი მოქცეული იყოს დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის არეალში.

ვის შეეხება ამნისტია და რა რეგულაციების ამოქმედებას ითვალისწინებს კანონპროექტი:

ამნისტია შეეხება ისეთ ობიექტებს, რომლებიც 2020 წლის 18 აგვისტოს ჩათვლით იქნება დასრულებული.

კანონპროექტით, ობიექტებს ექსპლუატაციაში მიიღებენ შემდეგი დარღვევების მიუხედავად:

შეთანხმებული არქიტექტურული პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნა/პარამეტრები არ არის გათვალისწინებული;

დარღვეულია K1, K2 ან/და K3 გათვალისწინებული პარამეტრები;

დარღვეულია ფუნქციური ზონირება - მაგალითად ობიექტი აშენებულია იმ მიწის ნაკვეთზე, სადაც ფუნქციური ზონირების მიხედვით არ შეიძლებოდა ამ ობიექტის მშენებლობა;

შეუსაბამო მიწის ნაკვეთი - მაგალითად ობიექტი აშენდა გარკვეულ ფართზე (მაგალითად 1000 კვ.მ.), თუმცა მისი მშენებლობის შემდეგ, მოხდა ამ მიწის ნაკვეთის ნაწილის გასხვისება, ვთქვათ 400 კვ.მ.-ის. ამ პროცესით კი დარჩენილი ფართი (600 კვ.მ.) შესაძლებელია აღმოჩნდეს შეუსაბამო მიწის ნაკვეთი ამ უკვე განხორციელებული მშენებლობისათვის.

ამასთანავე, თუ ნებართვა აღებული იყო რამდენიმე ბლოკის მშენებლობისათვის, მაგრამ დასრულებული იქნება მხოლოდ რომელიმე ბლოკი, ექსპლუატაციას დაექვემდებარება ეს დასრულებული ბლოკიც.

მშენებლობადამთავრებულად მიიჩნევა ობიექტი, რომლის ძირითადი კონსტრუქციული სისტემისა და ექსტერიერის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია. ამასთან, თუ მოსაპირკეთებელი და კეთილმოწყობის სამუშაოები არ იქნება ნაწარმოები, ობიექტი მაინც ჩაითვლება მშენებლობადამთავრებულად.

პირმა კანონის ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში უნდა მიმართოს თბილისის მერიას ობიექტის ექსპლუატაციაში მისაღებად. შევა თუ არა აღნიშნული ობიექტები ექსპლუატაციაში, გადაწყვეტილებას 6 თვის ვადაში მიიღებენ.

„შესაძლებელია არსებობდეს ასეთი შემთხვევა, მაგალითად, პირს დამთავრებული აქვს მშენებლობა, თუმცა დარჩენილია მხოლოდ ობიექტის შიდა გეგმარების ან მოსაპირკეთებელი და კეთილმოწყობის სამუშაოები. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის განმახორციელებელ პირს აქვს სურვილი, რომ დაასრულოს ეს სამუშაოებიც/ან მისი ნაწილი, იგი ვერ განახორციელებს ამ ქმედებებს, იქიდან გამომდინარე, რომ მშენებლობის ნებართვას უკვე გასული აქვს მოქმედების ვადა. შესაბამისად, თუ ასეთი სურვილი იქნება, ამ პირს, ისე რომ მშენებლობის ნებართვა აღარ დასჭირდეს, ექნება უფლება 2 წლის ვადაში განახორციელოს ეს სამუშაოები. ამასთან, აუცილებელი იქნება იმ პრინციპის დაცვა, რომ ეს სამუშაოები უნდა იყოს შესაბამისობაში შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის პრინციპებთან. ეს პროცესი საჭიროა იმისათვის, რომ ასეთი სურვილის არსებობის შემთხვევაში, არ მოხდეს შეთანხმებული პროექტიდან საგრძნობლად გადახვევა“,- აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

მშენებლობადამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება არ გავრცელდება მეხუთე კლასის შენობა-ნაგებობაზე, აგრეთვე  „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უძრავ ძეგლზე.

კანონპროექტი სანებართვო პირობების დარღვევის/ან შეუსრულებლობის გამო დაკისრებული ჯარიმების ჩამოწერასაც ითვალისწინებს, რომელიც 2 000 ლარიდან 50 000 ლარამდეა. აღნიშნული დანაწესი არ გავრცელდება მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) მომატებისათვის დაწესებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევებზე.

თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ჯარიმების გადახდისგან გათავისუფლება შეეხება შემთხვევებსაც, როდესაც დაკისრებულია სამმაგი ოდენობის ჯარიმები.

რაც შეეხება რეგულაციების გამკაცრების საკითხს, კანონპროექტის თანახმად, აკრძალული იქნება ობიექტის ფუნქციონირება, სანამ არ მოხდება მისი ექსპლუატაციაში მიღების შესახებ შესაბამისი აქტის გამოცება. ანუ ექსპლუატაციაში მიღებამდე დაუშვებელი იქნება ამ ობიექტის ფუნქციონირება საცხოვრებელი თუ სხვა დანიშნულებით. გარდა ამისა, ლიცენზიატებს აეკრძალებათ, რომ მოამარაგონ ობიექტები ელექტროენერგიით და ბუნებრივი გაზით მანამ, სანამ არ მოხდება მათი ექსპლუატაციაში მიღება.თუმცა, დასაშვები იქნება რომ ელექტროენერგია და ბუნებრივი გაზი მიწოდებული იქნას მხოლოდ სამშენებლო საქმიანობის მიზნებისათვის. ანუ მხოლოდ იმ მიზნით, რომ მშენებელმა ელექტროენერგია და ბუნებრივი გაზი გამოიყენოს მხოლოდ მშენებლობის განსახორციელებლად.

მშენებლობებთან დაკავშირებით ცვლილება „სისხლის სამართლის კოდექსშიც“ შედის, რომლის თანახმადაც არასწორად განხორციელებულ მშენებლობაზე ჯარიმასთან ერთად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც დაეკისრებათ.

თუ მშენებლობა არასწორად ხორციელდება და შეუსაბამოა არქიტექტურულ ნებართვასთან, პირველ შემთხვევაში იქნება ჯარიმა. იმ შემთხვევაში თუ დარღვევა გამოსწორებული არ იქნება და მშენებლობა არ შეჩერდება, ამოქმედდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. სასჯელი იქნება თავისუფლების აღკვეთა ვადით 2 წლამდე. იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.