ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალ შენობას აშენებს.
ონის ახალ, თანამედროვე სტანდარტის, ორსართულიან მუზეუმში განთავსდება საკონფერენციო დარბაზი, ფონდსაცავი, ბიბლიოთეკა, მედიათეკა და ბავშვთა საგანმანათლებლო სივრცე. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. მოეწყობა მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაც.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, მუზეუმის ახალი შენობის მშენებლობა 2019 წლის შემოდგომაზე დაიწყო და 2021 წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია.
“ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, 1984 წელს გაიხსნა, მაგრამ 1991 წლის ძლიერმა მიწისძვრამ მუზეუმი პრაქტიკულად ღია ცის ქვეშ დატოვა და მასში დაცული ექსპონატების მდიდარი კოლექცია დღემდე ავარიულ შენობაშია მოთავსებული. მუზეუმში ინახება მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ნუმიზმატიკური, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ძველ-ბეჭდური წიგნები, ფოტომასალები, ხელნაწერი წიგნები, ხელნაწერი ისტორიული საბუთები და სხვადასხვა მცირე კოლექციები, ეკლესიის რელიეფები და ლაპიდარული წარწერებიანი ქვები. სულ, 14 000 ძირითადი და დამხმარე ექსპონატი, რომელიც წლებია არასათანადო პირობებში ინახება“-განმარტავენ ფონდში.
რეგიონებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს უწყობს რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას, რეგიონის და მის მოსახლეობისთვის აჩენს ახალ შესაძლებლობებს, რაც არა მხოლოდ რეგიონის მაცხოვრებლების დამაგრებას, არამედ მათ დაბრუნებასაც შეუწყობს ხელს.