საზოგადოება
03/03/2021

ონლაინ კაზინოში რეგისტრაცია რთულდება

სისტემური-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობებზე დარეგისტრირება მკაცრად გაკონტროლდება.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, ტოტალიზატორში 18 წლამდე ასაკის პირები არ დაიშვებიან, სამორინეებში კი, 21 წლამდე ასაკის. კანონიდან გამომდინარე, მთავრობამ გამოსცა ბრძანება, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშის რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ.

როგორც ფინანსთა სამინისტროს სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი ლაშა პიტნავა „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობებზე არასრულწლოვანს შეეძლო დარეგისტრირებულიყო სრულწლოვანის პირადობის მოწმობით. ამის გამორიცხვის მიზნით კი, ახალი წესი დადგინდა. გემბლინგის ორგანიზატორები ვალდებულები იქნებიან, პირადი მონაცემები გადაამოწმონ სერვისების განვითარების სააგენტოში. პირის იდენტიფიცირების შემდეგ კი, გასცემს ცნობას, რომ დაუშვას საიტზე.

„დღემდე რეგისტრაცია ხდებოდა ნიკებით, გაურკვეველი ფიფქებით, გაურკვეველი სახელებით. ნებისმიერს შეეძლო რეგისტრაცია სხვისი პირადობით, პირობითად შეიძლებოდა არასრუწლოვანი დარეგისტრირებულიყო სრულწლოვანის პირადობით. ეს რომ გამოვრიცხოთ, განისაზღვრა ახალი წესი. ვერიფიკაციისთვის და იდენტიფიკაციისთვის საჭირო გახდა, რომ ნებისმიერი მოთამაშე, რომელიც რეგისტრირდება, გარდა იმისა, რომ წარადგენს თავის პირად ნომერს, სახელს, გვარს, მისამართს, ტელეფონის ნომერს და ა.შ. გემბლინგის ორგანიზატორები ვალდებულნი არიან, ეს პირადი მონაცემები გადაამოწმონ სერვისების განვითარების სააგენტოში, საიდანაც მიიღებს ინფორმაციას რამდენად სწორად არის შევსებული მოთამაშის მიერ. თუ აღნიშნული მონაცემები დაემთხვევა და პირი უკვე იდენტიფიცირებულია, ამის შემდეგ დაიშვება საიტზე სათამაშოდ“, - აღნიშნა ლაშა პიტნავამ.

ბრძანების თანახმად, როგორ ხდება მოთამაშის რეგისტრაცია:

სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოთამაშის ვებგვერდზე რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს როგორც პირადად მოთამაშის მიერ ელექტრონულად, ასევე ოპერატორის მიერ მოთამაშის უშუალოდ პირისპირ კონტაქტის საფუძველზე.

რეგისტრაციის დროს სავალდებულოა მიეთითოს სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია:

ა) მოთამაშის სახელი და გვარი;

ბ) მოთამაშის დაბადების თარიღი;

გ) მოთამაშის პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) პირადობის ან/და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, გაცემის თარიღი, გამცემი ქვეყანა, გამცემი ორგანო და მოქმედების ვადა;

ე) მოთამაშის აქტიური ტელეფონის ნომერი;

ვ) მოთამაშის მიერ შერჩეული მომხმარებლის სახელი;

ზ) მოთამაშის ელექტრონული ფოსტის მისამართი;

თ) მოთამაშის პაროლი;

ი) თანხმობის ღილაკი, რომ მოთამაშე ეთანხმება წესებს/პირობებს, სრულწლოვანია და არ მისცემს მისი სათამაშო ანგარიშით სარგებლობის უფლებას სხვა პირ(ებ)ს.

ოპერატორი უფლებამოსილია, რეგისტრაციისას მოითხოვოს ნებისმიერი სხვა ინფორმაციის მითითება, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მოთამაშის პიროვნების დასადგენად ან/და მასთან საკომუნიკაციოდ.

ოპერატორი ვალდებულია, რეგისტრაციის დასრულების და სარეგისტრაციო მონაცემებში მითითებული ტელეფონის ნომრის გადამოწმების მიზნით, სარეგისტრაციო მონაცემებში მითითებულ ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გააგზავნოს მოკლე ვადიანი ერთჯერადი კოდი.

ოპერატორი მოთამაშის რეგისტრაციას ასრულებს მას შემდეგ, რაც მოთამაშე რეგისტრაციისათვის განკუთვნილ ვებგვერდზე შესაბამის ველში შეიყვანს სარეგისტრაციო მონაცემებში მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიღებულ ერთჯერად კოდს.

ოპერატორი ვალდებულია მოთამაშის ვერიფიკაცია განახორციელოს მოცემული რომელიმე წესის შესაბამისად:

ა) ვებგვერდზე მოთამაშის ვერიფიკაციის მიზნით საჭიროა წარმოდგენილი იყოს მოთამაშის ფოტოსურათი, შესაბამის დოკუმენტთან ერთად, სადაც გარკვევით იკითხება დოკუმენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, ჩანს ფოტოსურათი და მოთამაშის სახე.

ბ) ვიდეო ზარის მეშვეობით. ვიდეო ზარის მეშვეობით მიღებული გამოსახულება პირის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს;

გ) მოთამაშესთან უშუალო კონტაქტის გზით, რა დროსაც ოპერატორი პირისპირ მოახდენს მის ვერიფიკაციას;

დ) მოთამაშის აქტიურ ტელეფონის ნომერზე მოკლევადიანი ერთჯერადი კოდის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაგზავნის გზით. ლატარიის ორგანიზატორის შემთხვევაში, ასევე ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი მოკლევადიანი ერთჯერადი კოდის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით გაგზავნის გზით;

ე) ტექნოლოგიური გადაწყვეტით, რომელიც იყენებს ბიომეტრიულ მონაცემებს გადაღებულ ფოტოსურათსა და საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ფოტოსურათზე ან/და სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან მიღებულ ფოტოსურათზე გამოსახული პირის იდენტურობის დასადგენად.

ბრძანების თანახმად, დაუშვებელია მოთამაშის რეგისტრაციისას, ტელეფონის ნომერზე და ელექტრონულ ფოსტაზე მოკლევადიანი ერთჯერადი კოდის მოკლეტექსტური შეტყობინების სახით გაგზავნის ფორმით მოთამაშის ვერიფიკაცია.

Businesspartner