ონკოპაციენტები ახალი თაობის პრეპარატებისთვის დამატებით 8 000 ლარის დაფინანსებას მიიღებენ
სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, რომ ჩვენი მოქალაქეები, ონკოლოგიური პაციენტები დააფინანსოს და პრეპარატების ახალი თაობა, რომელიც არის ეფექტური ამ დაავადებასთან ბრძოლაში, გახადოს ყველასთვის ხელმისაწვდომი, რომელსაც ეს საჭიროება უდგას, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, დღეს საქართველოში ფიქსირდება 38 ათასზე მეტი ონკოპაციენტი, რომელიც ებრძვის ამ საშინელ სენს.
„ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის ტვირთი არა მხოლოდ პაციენტისთვის, არამედ მათი ოჯახის წევრებისთვის. ეს არის ტვირთი, როგორც ფიზიკური, მორალური, ასევე ფინანსური. აქედან გამომდინარე, 2019 წლის ნოემბერში ჩვენ შევქმენით გაფართოებული ჯგუფი, სადაც მონაწილეობას იღებდა როგორც ადგილობრივი, საერთაშორისო ექსპერტები, ასევე პაციენტთა ჯგუფები, სადაც ჩვენ შევინარჩუნეთ სწორედ ის ცვლილება, რაც გვინდა შევთავაზოთ ჩვენს მოქალაქეებს. ეს ცვლილება ეხება მნიშვნელოვან პრეპარატებს, რომელიც არის თანამედროვე მიდგომებით და ძალიან ეფექტური გამოსავლებით, სწორედ მათი ხელმისაწვდომობის გაზრდას ვგეგმავთ ჩვენი მოქალაქეებისთვის.
დღემდე ფინანსდებოდა ამ პრეპარატების გამოყენების მხოლოდ გარკვეული ეტაპი და ძალიან ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს საბოლოო ეტაპზე არ ჰქონდათ ხელმისაწვდომობა ამ პრეპარატებზე და უწევდათ ჯიბიდან გადახდა. ჩვენ ვიცით, რომ დაავადების ბოლო ეტაპზე ეს არის ძალიან რთული და სწორედ აქედან გამომდინარე სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, რომ ჩვენი მოქალაქეები ამ რთულ პერიოდში დააფინანსოს და პრეპარატების ახალი თაობა“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მისივე თქმით, რვა ათასი ლარი არის ის თანხა, რომელიც საჭიროა პროგრამის სრულად შესრულებისთვის.
„სწორედ აქედან გამომდინარე, პროგრამაში თითოეულ პაციენტზე დამატებით ანაზღაურება გამოვყავით რვა ათასი ლარის ოდენობით“, – განაცხადა მინისტრმა.