საზოგადოება
05/08/2022

ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა დასრულდა

ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა დასრულდა. პროექტის ფარგლებში, აშენდა ახალი, თანამედროვე სტანდარტის მუზეუმი.
 
როგორც ონის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, მუზეუმის შენობაში გათვალისწინებულია მუდმივი ექსპოზიციის და დროებითი გამოფენების ორსინათლიანი დარბაზები და ფონდსაცავები, საკონფერენციო დარბაზი სცენით და სინქრონული თარგმანის ოთახით.
 
მუზეუმს აქვს სივრცეები ბიბლიოთეკისა და მედიათეკისათვის, ბავშვთა საგანმანათლებლო ზონა, საგამოფენო ადმინისტრაცია, ფონდსაცავები და დამხმარე სათავსოები.შენობაში განთავსდება საინფორმაციო, ბილეთების და სამუზეუმო მაღაზია, კაფე და სპეციალური კუთხეები გიდებისათვის. კეთილმოეწყო მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაც.
 
პროექტში გამოყენებულია ადგილობრივი ბუნებრივი ქვა და ხის მასალა.
 
,,დავასრულეთ ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა, რომელიც წარმოადგენს ძალიან საინტერესო საცავს წლების განმავლობაში დაგროვილი მნიშვნელოვანი არტეფაქტებისათვის. აღნიშნულმა მუზეუმმა შესაძლებლობა მოგვცა ყველა ეს უნიკალური ნივთი განთავსდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. შენობაში გათვალისწინებულია როგორც საგამოფენო, ასევე ადმინისტრაციული, საკონფერენციო და სხვა საზოგადოებრივი სივრცეები და საცავები, რომლებიც აღჭურვილია შესაბამისი კლიმატური კონტროლით. შეიძლება ითქვას, რომ ახალი მუზეუმით ონს შეემატა კიდევ ერთი ძალიან კარგი და ეფექტური სივრცე კულტურული, შემეცნებითი, საგანმანათლებლო და საჯარო ღონისძიებებისთვის,“- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალი შენობის დათვალიერებისას განაცხადა.
 
ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალი შენობის პროექტირება-მშენებლობა საქართველოს მთავრობამ 5.5 მილიონი ლარით დააფინანსა.

ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობა, რომელიც 1991 წლის მიწისძვრამ მნიშვნელოვნად დააზიანა, კულტურული მემკვიდრეობის არქეოლოგიურ, ეთნოგრაფიულ, ნუმიზმატიკურ, ძველ-ბეჭდურ წიგნებს, ფოტომასალებს, სახვითი ხელოვნების ნიმუშებს, ხელნაწერ წიგნებს, ხელნაწერ ისტორიულ საბუთებსა და სხვადასხვა მცირე კოლექციებს ინახავს, ეკლესიის რელიეფებთან და ლაპიდარულ წარწერებიანს ქვებთან ერთად.

1998 წელს ძველ შენობას რეკონსტრუქცია და რესტავრაცია ჩაუტარდა. 2009 წლის მიწისძვრამ ხელმეორედ მნიშვნელოვნად დააზიანა მუზეუმის შენობა. მუზეუმში დაცულია 14 000-ზე მეტი ექსპონატი, მათ შორის მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალა.

ონის მუზეუმის მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 6 მილიონი ლარია.

ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 1948 წელს დაარსდა და 1952 წელს გაიხსნა.

Businesspartner