საზოგადოება
02/03/2021

ნიუტონის სკოლა: გადაუხდელობის გამო სკოლიდან მოსწავლე არ გაგვირიცხავს

ნიუტონის თავისუფალი სკოლის დირექტორი გიორგი მელაძე აცხადებს, რომ მოსწავლეებს, რომლებსაც სწავლის საფასურის გადახდა უჭირთ, სკოლა ცდილობს მათ ინდივიდუალური გრაფიკი შესთავაზოს, თანხა გადაანაწილოს და გადასახდელად მეტი დრო შესთავაზოს.

„ზოგადად პრობლემები არის. განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, როცა ცუდი ეკონომიკური მდგომარეობაა, არის ისეთი სიტუაცია, როდესაც ოჯახს გადახდა უჭირს. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ასეთ ხალხს დავეხმაროთ. მაგალითად, წინა წელს 300 000 ლარიანი ფონდი გვქონდა, სადაც მსურველებს შეეძლოთ თანხის მიღება. შეზღუდული რაოდენობით, თუმცა მაინც გვაქვს სტიპენდიები, ოლიმპიადებში წარმატების მიღწევის შემთხვევაში გვაქვს სტიპენდიები. ხალხს, ვისაც გადახდა უჭირდა, ან უჭირს, ყოველთვის ვცდილობთ, ინდივიდუალური გრაფიკი შევთავაზოთ, გადავუნაწილოთ, მეტი დრო მივცეთ. გადაუხდელობის გამო სკოლიდან გარიცხვის შემთხვევა არ გვქონია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველას ულხინს და ბევრი ფული აქვს. ჩვენთან სხვადასხვა კატეგორიის ოჯახებიდან არიან ბავშვები - ფინანსურად ძლიერი ოჯახებიდან, საშუალო ფენა. ვცდილობთ, ყველას მხარში დავუდგეთ“, - განაცხადა გიორგი მელაძემ „ბიზნესპარტნიორთან“.

ნიუტონის სკოლის დირექტორი კერძო სკოლებთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტსაც აფასებს.

„როდესაც არის კონტრაქტი 2 სუბიექტს შორის, ერთი ამ შემთხვევაში კერძო კომპანიაა, მეორე კერძო პირი. მათ ერთმანეთისადმი აქვთ ვალდებულებები. ერთი მხარე პატიოსნად სერვისს აწვდის, მეორე მხარე კი, დიდი ხნის განმავლობაში თანხას არ იხდის... პირობითად მას ჰყავს მეორე კლასელი ბავშვი, რა უნდა მოხდეს, მე-10 კლასამდე უფასოდ ისწავლოს? გარდა ამისა, კერძო სკოლაში უამრავი დამატებითი კლუბი შედის, 2-ჯერადი და 3-ჯერადი კვება. უამრავი დამატებით სერვისი. ასეთ შემთხვევაში უფასოდ ასწავლო, ეს ხომ აბსურდია?

ზოგადად სამწუხაროა, როდესაც ბავშვი კერძო სკოლიდან გადადის, და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მათ სკოლის შეცვლა არ მოუწიოთ, მაგრამ ყველაფერი ხდება“, - განაცხადა გიორგი მელაძემ.

ინფორმაციისთვის, ცვლილების თანახმად, კერძო სკოლა უფლებამოსილი იქნება, ფინანსური დავალიანების მქონე მოსწავლეს შეუწყვიტოს სტატუსი, ფინანსური დავალიანების წარმოშობის სემესტრის დასრულებიდან მომდევნო სასწავლო სემესტრის დაწყებამდე.

კერძო სკოლა ვალდებული იქნება მოსწავლისთვის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე ან სხვა სკოლაში მობილობის სურვილის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების დღესვე აღნიშნულის შესახებ წერილობით აცნობოს სამინისტროს და მოსწავლის პირადი საქმე და სხვა სკოლაში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას მოთხოვნის მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.

კერძო სკოლა ასევე ვალდებული იქნება მოსწავლის სხვა სკოლაში მობილობის სურვილის შემთხვევაში, მოსწავლის პირადი საქმე და სხვა სკოლაში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაცია გადასცეს მოსწავლის მიმღებ სკოლას მოთხოვნის მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.

ამ ვალდებულებების შეუსრულებლობა კერძო სკოლისათვის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი გახდება.

ამასთან, ცვლილებით, სტატუსშეწყვეტილი მოსწავლის სხვა კერძო სკოლაში სწავლის გაუგრძელებლობის შემთხვევაში, განათლების სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სტატუსშეწყვეტილი მოსწავლისათვის საჯარო სკოლაში განათლების მიღების ხელმისაწვდომობას.

Businesspartner