საზოგადოება
07/08/2021

ნიკოლოზ გამყრელიძე:ჩვენი ექიმები იძულებული გახდებიან პაციენტების გადარჩევა დაიწყონ

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ (GHG) გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ აუცილებელია ვაქცინაცია, ქორწილებისა და ქელეხების აკრძალვა.

"4216 ახალი შემთხვევა დღეს და 38 გარდაცვლილი ჩვენი მოქალაქე. ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 41 249, საიდანაც 6 426 ადამიანი მკურნალობს ჰოსპიტლებში. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ჯამურ აქტიურ შემთხვევებთან 15.5%. რომ გვესმოდეს, ამაზე ქვემოთ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის დაწევა აქტიურ შემთხვევებთან მიმართებაში ძალიან რთული იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი შემთხვევებისთვის (ინფიცირების ეს ტემპი თუ გაგრძელდა) უნდა მოხდეს ახალი საწოლების მობილიზება,რომლის დიდი რესურსიც ქვეყანას უბრალოდ აღარ აქვს ფიზიკურად.

ამით იმის თქმა მინდა, რომ დღეს სისტემა ინფრასტრუქტურულად მუშაობს იმ კრიტიკულ ზღვართან ახლოს რომლის იქით უბრალოდ ვეღარ შეძლებს მომსახურების გაწევას ჩვენი მოქალაქეებისთვის. რაც უნდა მაგრად მოვემზადოთ უბრალოდ ამ რაოდენობას ინფიცირებულების სისტემა ვერ ეყოფა. (ამ წუთისთვის ყველა ჩვენი ინტენსიური კოვიდ საწოლი დაკავებულია მათ შორის პედიატრიული).

ამას ემატება ძალიან დიდი ფიზიკური და ემოციური გადაძაბვა ჩვენი სამედიცინო პერსონალის რომელიც 18 თვეა უკვე ამ ომშია განუწყვეტლივ... გაფიქრებაც კი მზარავს მაგ ზღვართან რომ მივიდეთ რა მოხდება… სამწუხაროდ, ჩვენი ექიმები იძულებული გახდებიან პაციენტების გადარჩევა დაიწყონ იმის მიხედვით ვისაც მეტი შანსი ექნება გადარჩენის! (ალბათ ხვდებით რომ ამ ყველაფერს ვინმეს მონაყოლს და ჭორად მოსმენილს არ გიყვებით, ჩვენი ჯგუფი ახორციელებს დღეს ყველაზე მეტი კოვიდ საწოლის, ისევე როგორც იმუნიზაციის ბრიგადების მიწოდებას ქვეყნისთვის)

აგვისტში უკვე ფაქტია, რომ სამწუხაროდ იმაზე მეტ ადამიანს დავკარგავთ ქვეყანა კოვიდის გამო, ვიდრე 13 წლის წინ რუსი ოკუპანტის აგრესიის დროს დავკარგეთ ომში...
 
რაციონალურად რომ შევხედოთ მდგომარეობას და გავითვალისწინოთ რეალური კონტექსტი რაც გვაქვს (ნებისმიერი შემზღუდავი ღონისძიების ქმედითი განხორციელების დაბალი ალბათობა, ეკონომიკური გამოწვევების, ზაფხულის სეზონის, ჩამოწერილი ჯარიმების ფონზე), გამოსავალი გვაქვს იმაში რომ მნიშვნელოვნად გავზარდოთ ვაქცინაციის ტემპი (კარგია დღეს რომ 23 000 ადამიანი აიცრა, თუმცა არასაკმარისი, ორჯერ მეტი გვინდა და ეს შესაძლებელია თუ მოვინდომებთ, ვაქცინაც ხელმისაწვდომია, გამტარიანობაც იზრდება ქვეყანაში, მარტო ჩვენი ჯგუფის კომპანიები აგვისტოში გავაორმაგებთ დღევანდელ მოცულობებს ვაქცინაციის ბრიგადების) და შევეშვათ დიდ ქორწილებს და შეკრებებს, რომლებიც შემდეგში ბევრი ოჯახის ტრაგედიებში ითარგმნება...
 
ეს არის ჩემი აზრით რაც შეგვიძლია ჩვენ მოქალაქეებმა ჩვენივე ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გავაკეთოთ, თუ გვინდა რომ დავამთავროთ ეს მძიმე ეტაპი! (პირბადის კეთებაზე აღარ შევჩერდები)
 
უკაცრავად გრძელი პოსტისთვის, მაგრამ მდგომარეობა ნამდვილად არაა სახუმარო. სკეპტიკოსები, იქნებიან ეს საერო თუ სასულიერო პირები შემიძლია "ექსკურსიაზე" დავპატიჟო რომელიმე ჩვენს კოვიდ ინტენსიურ განყოფილებაში... დიდება 2008 წლის რუსეთთან ომში დაღუპულ ჩვენ გმირებს.
 
გაძლება ჩვენს სამედიცინო პერსონალს!" - წერს სოციალურ ქსელში ნიკოლოზ გამყრელიძე.