ნიკარაგუაში რომ ქარი ამოვარდება, მაშინაც წყალი უნდა შეგვიწყდეს?! - დეპუტატი GWP-ს აკრიტიკებს
ოპოზიციონერი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი დედაქალაქის წყალმომარაგების პრობლემაზე საუბრობს და კომპანია GWP-ს აკრიტიკებს.
"გაცოფებული ვარ. გუშინ ჯერ მთელ თბილისს წყალი შეუწყდა და მერე მოვიდა მოკლეტექსტური შეტყობინება, რომ წყალი შეწყდებაო. მინდოდა მთელი მთავრობისთვის მეთქვა, როდემდე შეიძლება საქართველოს დედაქალაქს წყალმომარაგების კომპანია ემსახურებოდეს, რომელსაც ნატამალი სინდისი და პასუხისმგებლობა არ აქვს. საგურამოში წვიმა მოვიდაო... ნიკარაგუაში რომ ქარი ამოვარდება, მაშინაც წყალი უნდა შეგვიწყდეს?! როდემდე შეიძლება საქართველოს დედაქალაქში ასეთ უპასუხისმგებლო კომპანიაზე იყოს დამოკიდებული 1.5 მლნ ადამიანი?! 1 კომპანიისთვის ვერ მოგვივლია. ახლა ვკითხულობდი GWP-ს ცინიკურ განცხადებას - საჭიროების შემთხვევაში ცისტერნებით მოგიტანთ წყალსო. მეთულუხჩეები გამოაგზავნონ ბარემ და არბენინონ ქუჩა-ქუჩა. ქვითრების გამოწერაში ხომ არიან ყოჩაღები. რამე გაფუჭდება და წელიწადნახევარი უნდა სდიო, ეხვეწო და ბაიდენს უნდა დაურეკო, რომ წყალი მოგიგვარონ. კერძო კომპანია იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ნამუსზე ხელი აიღო და პასუხისმგებლობა არ გქონდეს საერთოდ. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ",- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე.