NDI-ს კვლევა: მოქალაქეები ეკონომიკურ დაღმასვლასა და სხვა სირთულეებს ელიან
NDI-ს კვლევის მიხედვით, მოქალაქეები ეკონომიკურ დაღმასვლასა და სხვა სირთულეებს ელიან, ამასთანავე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ერთგულნი რჩებიან.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოს მოსახლეობაში გამყარდა მოსაზრება, რომ ქვეყანა ევროკავშირთან და ნატოსთან მჭიდრო ურთიერთობით უფრო მეტ სარგებელს მიიღებს, ვიდრე რუსეთთან დაახლოებით. უკრაინაში ომმა გააძლიერა საზოგადოების განწყობა იმის შესახებ, რომ რუსეთი მეზობელი ქვეყნებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
საგულისხმოა ისიც, რომ 16%–ით გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შეზღუდოს. ომის დაწყების შემდეგ ეს რიცხვი 23%–დან 39%–მდე გაიზარდა.
ცნობისთვის, NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით.
კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე.