საზოგადოება
26/07/2021

ნათია თურნავა: ვაქცინაცია ერთადერთი გზაა, რომ პანდემიამ ეკონომიკაზე არ დაგვარტყას 

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მისი ყველა დარგის შეუფერხებელი ფუნქციონირება. პანდემიის პირობებში კი, ამის მისაღწევად აუცილებელია აქტიური ვაქცინაცია. 

“დღეს ჩვენ ვართ მყარად იმ პოზიციაზე, რომ სრულიად შესაძლებელია ისე ვებრძოლოთ პანდემიას, რომ არანაირად არ შევაფერხოთ ჩვენი ეკონომიკა. 

არანაირი პრობლემა იმასთან დაკავშირებით, როგორ ავიცრათ, არის თუ არა ის ვაქცინა ხელმისაწვდომი, რაც ადამიანს სურს, რომ გაიკეთოს, არ არსებობს. ეს თემა მოხსნილია. ჩვენ ჩართულები ვართ აქტიურ კამპანიაში, მთავრობის წევრებიც კი დავდივართ და ვესწრებით სხვადასხვა დარგის ვაქცინაციას. მე პირდად ვესწრები საწარმოების თანამშრომლების ვაქცინაციას, მსხვილი დამსაქმებლების.

რუსთავის აზოტმა დაიწყო აცრა, ქართლის ტექსტილის საწარმომ და ამ ჯგუფის სხვა ტექსტილის საწარმოებმა. ვიყავი ბათუმში, სადაც ასევე დავესწარი მეზღვაურთა სექტორის თანამშრომლების ვაქცინაციას, ვეცდები, რომ ფოთში ასევე მეზღვაურების ვაქცინაციას დავესწრო, პირადად მოვუწოდო და გავამხნევო, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, რომ ჩვენ შეუფერხებლად განვაგრძოთ ეკონომიკის გაჯანსაღება, გაიზარდოს დასაქმება, დავძლიოთ სიღარიბე, არ დაგვარტყას პანდემიამ ეკონომიკაზე. ეს სრულიად შესაძლებელია, თუ ყველა დავკონსოლიდირდებით“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.