ნათია თურნავა: რთული 3 წელი იყო, მაგრამ ეკონომიკის გაჯანსაღების მყარი საფუძველი შეიქმნა
ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას 3 წლის განმავლობაში იკავებდა.
როგორც ყოფილმა მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მისთვის რთული 3 წელი იყო, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში ეკონომიკის გაჯანსაღების მყარი საფუძველი შეიქმნა.
"ძალიან დიდი მადლობა სამინისტროს გუნდს, ვის გვერდითაც ვიმუშავე 3 წლის განმავლობაში. ჩემთვის მართლაც ძალიან დიდი პატივი იყო ის ნდობა, რაც გუნდმა გამომიცხადა. 3 წლის განმავლობაში ვიყავი ეკონომიკის მინისტრი, ეს იყო რთული წლები, მაგრამ რაც მთავარია, შეიქმნა ძალიან მყარი საფუძველი, რომ ჩვენი ეკონომიკა გაჯანსაღდება, სწრაფად განვითარდება. ახლა მოდის ახალი ინიციატივების პერიოდი, ახალი გამოწვევებია და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ლევან დავითაშვილი თავისი ჩვეული საქმისადმი ერთგულებით, გამოცდილებით, პროფესიონალიზმით, ყველაფერს ძალიან მაღალ დონეზე გაართმევს თავს და იქნება ერთ-ერთი წარმატებული ეკონომიკის მინისტრი", - განაცხადა ნათია თურნავამ.
როგორც მან აღნიშნა, სამომავლოდ სფეროს შეცვლას გეგმავს.
"მაქვს სურვილი, გარკვეულწილად შევიცვალო სფერო, სხვა ასპარესზე მოვსინჯო ჩემი ძალები. რა თქმა უნდა ჩვენი გუნდის ერთგულ წევრად ვრჩები. ჯერჯერობით განვიხილავთ რამდენიმე მიმართულებას. როგორც კი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა ამას საზოგადოებას გავანდობ. დიდი მადლობა მედიას, რომ ყოველთვის ფორმაში მამყოფებდით", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ცნობისთვის, ნათია თურნავამ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამ პოსტზე მის ადგილს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი ლევან დავითაშვილი დაიკავებს. ლევან დავითაშვილს კი, თანამდებობაზე ოთარ შამუგია ჩაანაცვლებს.