საზოგადოება
14/05/2021

ნათია თურნავა: ოზურგეთის შემდეგ მაღალი ხარისხის ინტერნეტით ქობულეთი ისარგებლებს

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით,  საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა  პროექტი "Log in Georgia", რომელიც „ოუფენ ნეტის“ მიერ ხორციელდება და რეგიონებში ფართოზოლოვან ინტერნეტქსელებთან ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. პროექტი საქართველოს მასშტაბით 1000 -მდე დასახლებულ პუნქტს მოიცავს და მაღალი ხარისხის ინტერნეტით 500 000-მდე ადამიანი ისარგებლებს. 

მისი თქმით, პროექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო და დასრულდა უკვე. 49 დასახლებულ პუნქტში 29 000 მოქალაქე უკვე მაღალი ხარისხის ინტერნეტით სარგებლობს.

მინისტრის ინფორმაციით, შემდეგი საპილოტე პროექტი ქობულეთის მუნიციპალიტეტში განხორციელდება. 50 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობა ივლისიდან დაიწყება, რომელიც მოიცავს 13 დასახლებულ პუნქტს და 10 500 ადამიანი ისარგებლებს. 2022 წლის გაზაფხულიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტს კიდევ 8 დასახლებული პუნქტი დაემატება და ინტერნეტით 11 000 ადამიანი ისარგებლებს.

“მომავალი წლიდან მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, გეგმაზომიერად გადავალთ შემდეგ რეგიონებზე. ეს იქნება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 26 დასახლებულ პუნქტს მოიცავს და ისარგებლებს 10 700 მომხმარებელი. შემდეგ, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონები. ცაგერის და ლენტეხის მუნიციპალიტეტში 140 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი აშენდება, მოიცავს 16 დასახლებულ პუნქტს და ისარგებლებს 7 700 ადამიანი. ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტში 11 000-ზე მეტი მომხმარებელი მიიღებს ამ მომსახურებას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, პროექტი 2025 წელს დასრულდება და მოიცავს სრულიად საქართველოს. ჯამში ისარგებლებს ნახევარი მილიონი მოსახლე.

პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.