საზოგადოება
12/10/2021

ნათია თურნავა: ბათუმის შემთხვევა ყველასთვის გაკვეთილია

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას შეფასებით, ბათუმში მომხდარი ტრაგედია, სადაც კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, ყველასთვის გაკვეთილი უნდა იყოს. 

მისი თქმით, კორპუსში კონკრეტული პირის კერძო საკუთრებაში მიმდინარე სამუშაოებზე შესაბამის ორგანოებს ინფორმაცია არ ჰქონდათ. 

"ბათუმის შემთხვევა დამაფიქრებელია. მიუხედავად იმისა, რომ იქ კონკრეტულ შემთხვევაში გამოძიება სწრაფად წარიმართა და გამოკვეთილია დამნაშავეები. მოქალაქე თავის სარდაფში რას გააკეთებს, თუ არ შეატყობინებენ შესაბამის სტრუქტურებს, რა თქმა უნდა ამას ვერც გავიგებთ. თითოეულ ადამიანს წინდახედულობა და პასუხისმგებლობა მართებს. ეს ყველასთვის არის გაკვეთილი", - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

მინისტრის განცხადებით, მუშაობა დაიწყო მუნიციპალური შესაბამისი სამსახურების უფლებამოსილებების გაფართოებაზე. 

"მუნიციპალური ინსპექციებს უნდა ჰქონდეთ უფრო მეტი წვდომა ინფორმაციაზე და მოქალაქეებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა, რადგან მოქალაქეებმაც უფრო მეტად უნდა ვიფიქროთ საკუთარ უსაფრთხოებაზე, მეზობლების უსაფრთხოებაზე და ჩვენ შესაბამის ცვლილებებს განვახორციელებთ კანონმდებლობაში",- განაცხადა ნათია თურნავამ.