ნათია თურნავა აქტივისტებს: კოვიდმა ისედაც მოახდინა პარალიზება, ახლა ეკონომიკა უნდა ავამოქმედოთ
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ნამახვანჰესის პროექტის განხორციელება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.
“ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობა გადის ენერგეტიკაზე, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა კი, განახლებადი რესურსების განვითარებაზე“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
რაც შეეხება ნამახვანჰესის პროექტის განხორციელების მოწინააღმდეგეებს, მინისტრი მათ მოუწოდებს, დიალოგში ჩაერთონ, ოღონდ არა ქუჩაში პროტესტის ფორმით.
“ზოგადად დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას, სხვა ქვეყნებშიც გამოუწვევია პროტესტი. ეს რაღაც განსაკუთრებული პროცესი არ არის, მაგრამ ხელისუფლება ვალდებულია, რომ ასეთ დროს ყველა კითხვას გასცეს პასუხი. თუმცა, როდესაც საუბარია ეკოლოგიაზე, უსაფრთხოებაზე, პროექტის დეტალებზე - ეს პასუხები კომპეტენტურად უნდა გაიცეს ექსპერტების დახმარებით, რა თქმა უნდა არა ქუჩაში, არა კარვებში, არა მეგაფონის დახმარებით, ეს არ არს სწორი ფორმატი იმისთვის, რომ მოსახლეობამ გაიგოს პროექტის შესახებ სიმართლე, რადგან ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ცირკულირებდა, და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ და თვითონ ინვესტორი კომპანიაც, რომ ეს მითები გააქარწყლოს, მოსახლეობას მეტი ინფორმაცია მიაწოდოს.
სწორედ ამიტომ, ხელისუფლებამ კომპანიასთან კაშხლის მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებაზე შეთანხმებას მიაღწია. მხოლოდ წინასწარი სამუშაოები ხორციელდება. გარდა ამისა, ჩვენ შევქმენით პლატფორმა, რომ კითხვებს პასუხი გაეცეთ. ერთი ეს არის ეკონომიკის და გარემოს დაცვის სამინისტროების ერთობლივი ინიციატივა ექსპერტთა საბჭოზე, როდესაც გაიხსნა ყველა კვლევა და ველოდებით ნებისმიერ ექსპერტისგან დასაბუთებულ წინადადებას, შენიშვნას, კრიტიკას, რეკომენდაციას, რისი გათვალისიწნებაც სავალდებულო იქნება კომპანიისთვის. მეორე ეს არის, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავათა საბჭოს ხელმძღვანელის, ბუშლეს ჩართულობა, რომელმაც უკვე დაიწყო პირველი კონტაქტები სხვადასხვა დაინტერესებულ ორგანიზაციასთან და ესეც არაჩვეულებრივი ფორმატია იმისთვის, რომ თუნდაც აქტივისტებმა, ვინც ყველაზე აქტიურად აპროტესტებს ნამახვანის მშენებლობას, გამოიყენონ“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მისი თქმით, როდესაც აქციის მონაწილეები თბილისის პარალიზებით იმუქრებიან, კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ ქვეყნის ეკონომიკა თითქმის 1 წელზე მეტით უკვე შეაჩერა და ახლა ყველამ ერთად ამოქმედებაზე უნდა იზრუნოს.
“ულტიმატუმებით საუბარი მიუღებელია. ხელისუფლების მიმართაც მიუღებელია. განსაკუთრებით მიუღებელია სხვადასხვა მოწოდება იმისკენ, რომ დავბლოკოთ, გავაჩეროთ, პარალიზება მოვახდინოთ. კოვიდმა ისედაც წელიწადნახევარი თითქმის პარალიზება გამოიწვია. ჩვენ ახლა ყველა ვმუშაობთ, რომ ეკონომიკა თანდათან გავხსნათ, ავამოქმედოთ, გამოვაცოცხლოთ ტურიზმი, ჩამოვიდნენ ტურისტები, დავახვედროთ უსაფრთხო და მიმზიდველი გარემო. უნდა ამუშავდეს ბიზნესი, მაღაზიები - ყველამ ამ მიმართულებით უნდა ვიაროთ“,- განაცხადა ნათია თურნავამ.
ინფორმაციისთვის, თბილისში “ნამახვანჰესის“ მშენებლობის საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.