საზოგადოება
12/03/2021

ნამახვანჰესის პროექტის შესწავლაში დამოუკიდებელი ექსპერტები ჩაერთვებიან

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ნამახვანჰესის პროექტი ყველაზე კარგად არის შესწავლილი. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებას კითხვები მაინც აქვს პროექტის უსაფრთხოებაზე, ჩატარებული კვლევა ხელახლა გადამოწმდება, ამაში კი, დამოუკიდებელი ექსპერტები ჩაერთვებიან, რასაც სახელმწიფო უზრუნველყოფს და არა ინვესტორი.

მისი თქმით, სანამ შესწავლა არ დასრულდება, კომპანია კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობას არ დაიწყებს.

„დიალოგს ყოველთვის მოაქვს შედეგი. ჩვენი ამოცნაა გავაჩინოთ მეტი ნდობა პროექტის მიმართ. ჩვენ ვაწარმოეთ მოლაპარაკება კომპანიასთან, ინვესტორთან, ვინც ნამახვანჰესს აშენებს. მათთან რამდენიმე შეთანხმება შედგა. ეს იქნება საინტერესო საწყისი შემდგომი დიალოგის და თანამშრომლობის ჩვენს შორის.

ნამახვანის პროექტი ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილია, წინა საუკუნიდან მოყოლებული უამრავი კვლევა ჩატარდა და ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩვენმა უწყებებმა ბევრი დამატებითი კვლევა ჩაატარეს. იმისთვის, რომ ყველა საჭოჭმანო საკითხი მოიხსნას, რომელიც შეეხება პროექტის უსაფრთხოებას, კვლევების თვალსაზრისით საიმედოობას, ჩვენ შევთანხმდით კომპანიასთან, რომ ისინი არ დაიწყებენ ჰესის ძირითადი ნაგებობების, კერძოდ კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობას მანამ, სანამ ჩვენ არ გავაკეთებთ რამდენიმე პრინციპული ძირითადი კვლევის ხელახლა გადამოწმებას, ვალიდაციას. იმისთვის, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ეჭვი, ამ კვლევებისთვის სახელმწიფო დაიქირავებს თვითონ  და არა საპროექტო კომპანია, დამოუკიდებელ ექსპერტებს, მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველ სპეციალისტებს, ქართულ ინსტიტუებს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, ეს ნაბიჯი საბოლოოდ წერტილს დაუსვამს საუბარს იმაზე, თუ რამდენად საფუძვლიანად მოხდა პროექტის შესწავლა“,- განაცხადა ნათია თურნავამ ქუთაისში შეხვედრისას.

Businesspartner