მთავრობა საჯარო სექტორში ხელფასის ზრდაზე ფორმულას 6 თვეში წარადგენს
საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა დამოკიდებული იქნება კერძო სექტორში ხელფასების ზრდასა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. შესაბამის ფორმულას მთავრობა 6 თვეში წარადგენს. მანამდე კი, ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საჯარო სექტორში ხელფასების გასაზრდელად მნიშვნელოვანია ერთჯერადი ნაბიჯების გადადგმა. შესაბამისად, 2022 წლის ბიუჯეტში ხელფასის 10%-იანი ზრდაა გათვალისწინებული.
ლაშა ხუციშვილმა აქვე აღნიშნა, რომ საჯარო სექტორში დასაქმებული პირების ხელფასი 30%-ით ნაკლებია კერძო სექტორში დასაქმებულების ხელფასზე, რაც დიდი სხვაობაა.
"6 თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობა პარლამენტში წარმოადგენს ფორმულას, რომელშიც ასახული იქნება, როგორ უნდა გაიზარდოს ყოველწლიურად საჯარო სამსახურში ხელფასები. ის კორელაციაში უნდა იყოს, კერძო სექტორში არსებულ ხელფასებთან, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან.
მნიშვნელოვანია, კერძო სექტორში ხელფასების ზრდა მოხდეს უფრო სწრაფად, ვიდრე საჯარო სექტორში. თუმცა, ის მდგომარეობა, რაც ჩვენ მივიღეთ, რომ დაახლოებით 30%-ია განსხვავება ამათ შორის, ეს საჭიროებს ერთჯერად ნაბიჯებს, სანამ ამ ფორმულაზე ვისაუბრებთ. სწორედ, ეს ერთჯერადი დიდი განსხვავება უნდა გასწორდეს, ყოველწლიური ფორმულის განსაზღვრა კი, გარანტია იქნება, რომ საჯარო სექტორში ხელფასები არ გაიყინება.
საჯარო სექტორში უფრო დაბალი ხელფასი იქნება, ვიდრე კერძო სექტორში, თუმცა ეს არ უნდა იყოს 30-40%-იანი სხვაობა, რაც მნიშვნელოვნად აისახება საჯარო სერვისების ხარისხზე", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს წარადგენს.