საზოგადოება
21/01/2021
მთავრობა COVID-ვაქცინაციის გეგმას დღეს დაამტკიცებს
მთავრობა დღეს კორონა ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის გეგმას დაამტკიცებს.
"დღეს უნდა განვიხილოთ და დავამტკიცოთ ეს გეგმა. მისი მიზანია, რომ 2021 წლის ბოლომდე ჩვენი მოქალაქეების 60% იყოს აცრილი. პირველ ეტაპზე, ქვეყანაში აიცრებიან ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლებიც არიან ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ. დღეს ტექნიკურად მზად ვართ ნებისმიერი ავტორიზებული ვაქცინის მისაღებად", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, ქვეყანა როგორც ტექნიკურად, ასევე სამედიცინო პერსონალის გადამზადების თვალსაზრისით სრულად მზად არის გამოწვევისთვის საპასუხოდ.
"ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებთან, თუმცა შემოვიტანთ მხოლოდ იმას, რომელიც ავტორიზებული იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ",- აღნიშნა პრემიერმა.