საზოგადოება
28/09/2021

მთაწმინდა-რუსთაველის საბაგიროს მშენებლობა იწყება - პროექტის ღირებულება ₾50 მლნ-ია

მთაწმინდა-რუსთაველის დამაკავშირებელი საბაგირო გზის რეაბილიტაცია იწყება. 

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პროექტის ღირებულებაა 50 მლნ ლარი. ტექნიკა ეკუთვნის კომპანია "დოპელმაიერს". სამშენებლო სამუშაოებს კი, კომპანია "დაგი" შეასრულებს. მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება. იმოძრავებს 21 გონდოლა და საათში 1 200 მგზავრს მოემსახურება. 

"4 წუთის განმავლობაში მგზავრებს რუსთაველიდან მთაწმინდაზე და პირიქით გადაადგილების საშუალება ექნებათ. დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი პოპულარობით ისარგებლებს არსებული საბაგირო",- აღნიშნა კახა კალაძემ. 

მისი თქმით, დაგეგმილია აგრეთვე 2 საბაგიროს მშენებლობა. გურამიშვილის მეტროდან თემქის ხევის გავლით თბილისის ზღვის მიმართლებით. მეორე პროექტი კი, ვაზისუბანში განხორციელდება. 

თბილისის მერის განცხადებით, ამ პროექტების განხორციელება გასული წლების განმავლობაში უნდა დაწყებულიყო, თუმცა ამას პანდემიამ შეუშალა ხელი. 

"პანდემიამ ხელი შეგვიშალა და მთელი რიგი პროექტების გაჩერება მოვიწია დროებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს და სხვა პროექტები არ განხორციელდებოდა მომავალში. რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებთ, ყველა პროექტი განხორციელდება, ჩვენი ქალაქი იქნება ყველაზე მოწესრიგებული, ყველაზე მწვანე, ყველაზე წარმატებული. ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც დაგეგმილი გვაქვს მომდევნო წლების განმავლობაში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ქალაქისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.