მსოფლიო ბანკმა 1000 ქართული სოფლის ინტერნეტიზაციისთვის 35.7 მლნ ევრო გამოყო
მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 35.7 მლნ ევროს (40 მლნ. აშშ დოლარი) დაფინანსება გამოყო. დაფინანსება Log-in Georgia პროექტისთვის გამოიყო და მისი მიზანია საქართველოს სოფლის მოსახლეობის, საწარმოებისა და საჯარო დაწესებულებების მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან დაკავშირება და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა.
Log-in Georgia პროექტის საშუალებით მსოფლიო ბანკი მხარს დაუჭერს საქართველოს ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარების ეროვნულ სტრატეგიას 2020-2025 წლებისთვის. პროექტი ხელს შეუწყობს 1000-მდე სოფლის, მათ შორის, მაღალმთიანი დასახლებული პუნქტების დაკავშირებას მაღალი ხარისხის და ხელმისაწვდომ სწრაფ ინტერნეტსერვისთან.
პროექტი მთლიანობაში დაახლოებით 500 000 ადამიანს მოიცავს.
პროექტი Log-in Georgia სამი კომპონენტისგან შედგება: ფინანსურად ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან წვდომის ზრდა; მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან დაკავშირებული ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა და პროექტის დანერგვის მხარდაჭერა.
„მხარდაჭერა, რომელსაც ვიღებთ საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორი ორგანიზაციებისგან, მათ შორის, მსოფლიო ბანკისგან ეკონომიკის სხვადასხვა დარგში მიმდინარე რეფორმების და პროგრამების განხორციელებაში, უდიდესი მნიშვნელობისაა. განსაკუთრებით გამორჩეულია, მსოფლიო ბანკის მხრიდან საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა კრიზისის კონტექსტში, კერძოდ COVID-19-ის პანდემიის საპასუხო ღონისძიებების განხორციელებაში,“ - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.
პროექტი განხორციელდება არა-მეწარმე, არაკომერციული იურდიული პირის Open Net-ის მიერ ხუთი წლის განმავლობაში, კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერითა და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ზედამხედველობით.