მოწევის აკრძალვა ტაქსებში, კაზინოებსა და სლოტკლუბებში - რა ცვლილებები იგეგმება კანონში
“თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში“ ცვლილებები იგეგმება. მომზადდება ცვლილებების პროექტი, რომელიც გაითვალისწინებს თამბაქოს მოხმარების აკრძალვას სათამაშო ბიზნესში, ტაქსიში, კერძო ავტომობილებში არასრულწლოვანის თანდასწრებით, ადმინისტრაციული სასჯელი გამკაცრდება სკოლებიდან და ბაღებიდან 50 მეტრის რადიუსში თამბაქოს გაყიდვაზე.
საკითხთან დაკავშირებით “ბიზნესპარტნიორთან“ თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე საუბრობს.
მისი თქმით, კაზინოებსა და სლოტკლუბების ნაწილში დაშვებულია თამბაქოს მოხმარება. ბახტურიძე მიიჩნევს, რომ სათამაშო ბიზნესის ყველა მიმართულება თამბაქოს კვამლისგან უნდა გათავისუფლდეს.
“ამ ბიზნესს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან სერიზული მფარველობა აქვს.
იქ დასაქმებულები არ არიან ჩვენი მოქალაქეები? მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი არ ადგება?!“, - აღნიშნა გიორგი ბახტურიძემ.
ამასთან, გიორგი ბახტურიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ელექტრონული სიგარეტების სითხეები ჩვეულებრივი თამბაქოს პროდუქტის დონეზე არ იბეგრება.
“ვთხოვთ მთავრობას, რომ ყველა ტიპის თამბაქოს პროდუქტი გათანაბრდეს, რათა არ მოხდეს ერთი ტიპის პროდუქტის ჩანაცვლება, მეორე ტიპის პროდუქტით“, - აღნიშნა გიორგი ბახტურიძემ.
მისი თქმით, სკოლებიდან და ბაღებიდან 50 მეტრის რადიუსში თამბაქოს გაყიდვაზე საჯარიმო სანქციები საკმაოდ დაბალია.
“დაწესებული სანქციები ვერ არის იმის შემაკავებელი, რომ ლეტალური პროდუქტი ახალგაზრდებზე არ გაყიდონ. შესაბამისად, ამ მიმართულებით საჯარიმო სანქცია გაიზრდება“, - აცხადებს გიორგი ბახტურიძე.
მისი განცხადებით, თამბაქოს პროდუქტის პოპულარიზაციის მიზნით პრომო გოგონების საკითხი უფრო მეტად არის დასარეგულირებელი.
“პრომოსააგენტოები ჯარიმდებიან, სავაჭრო ობიექტები კი, არ აგებენ პასუხს. ამ შემთხვევაში პირველ რიგში უნდა დადგეს სავაჭრო ობიექტების პასუხისმგებლობა, რათა თავიანთ ტერიტორიაზე არ დაუშვან კონკრეტული ბრენდების პრომო გოგონები. მიუხედავად იმისა, რომ პოპულარიზაციის ეს მიმართულება აკრძალულია, თამბაქოს ინდუსტრია სისტემატიურად არღვევს ამ მოთხოვნებს“, - განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.
რაც შეეხება ტაქსებსა და კერძო ავტომობილებში არასრულწლოვანის თანდასწრებით თამბაქოს მოხმარების აკრძალვას, გიორგი ბახტურიძის განცხადებით, ეს დაკვეთა საზოგადოების მხრიდან მოდის. დაწესდება საჯარიმო სანქციები. მოსახლეობის 86% მხარს უჭერს ტაქსებში მოწევის აკრძალვას, 92% კერძო მანქანებში არასრულწლოვანის თანდასწრებით მოწევას.
როგორ მოხდება ტაქსებსა და კერძო ავტომობილებში არასრულწლოვანის თანდასწრებით თამბაქოს მოხმარების აკრძალვაზე კანონის აღსრულება, ამასთან დაკავშირებით გიორგი ბახტურიძე განმარტავს:
“სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც ხომ ხდება მონიტორინგი და აღსრულება. საპატრულო სამსახურიც მოძრაობაში ამოწმებს ტრანსპორტს. ამასთან არის ვიდეოკონტროლის საშუალებები. საგზაო უსაფრთხოების წესები რომ ირღვევა, ვიდეო ჯარიმა მოგვდის, ან შეიძლება პატრული გვაფიქსირებს და შემდეგ პირისპირ კომუნიკაციის შედეგად ხდება დაჯარიმება. ასე მოხდება ამ შემთხვევაშიც. ამის კონტროლი პრობლემას არ წარმოადგენს“,- აღნიშნა გიორი ბახტურიძემ.