"მომავალი კვირიდან გვეცოდინება თარიღი" - საქართველო Pfizer-ის დამატებით დოზას ელოდება
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, “ფაიზერის“ ვაქცინის 1 მილიონი დოზის შემოტანაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება.
მისი თქმით, მომავალი კვირიდან გახდება ცნობილი, ვაქცინის მოწოდების თარიღი და კონკრეტული მოცულობები, რომელიც ქვეყანაში ეტაპობრივად შემოვა.
გარდა ამისა, მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესება მოსალოდნელია.
“ჩვენ სწორედ ახლა ვიმყოფებით მესამე ტალღის დასაწყისში“,- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს, “ასტრაზენეკათი“ დაიწყო, ქვეყანამ ვაქცინის 43 200 დოზა მიიღო. შემდეგ შემოვიდა “ფაიზერის“ 29 000-ზე მეტი დოზა. ამ ეტაპზე ქვეყანაში ეს ორი ვაქცინა გამოიყენება. შემოსულია აგრეთვე “სინოფარმის“ ვაქცინა, რომლითაც აცრა 4 მაისიდან დაიწყება.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში 34 897 ადამიანია აცრილი.