საზოგადოება
07/10/2021

მოგზაურობის მსურველი მოქალაქეები მათთვის სასურველი ვაქცინით განმეორებით აიცრებიან 

საზღვარგარეთ წასვლის მსურველი მოქალაქეები მათთვის სასურველი ვაქცინით განმეორებით შეძლებენ აცრას. შესაბამისი გადაწყვეტილება ვაქცინაციის საბჭომ მიიღო. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრების რეკომენდაციით, განსხვავებული ვაქცინაცია დასაშვებია პირველი ვაქცინაციის დასრულებიდან 28 დღის შემდეგ. საქართველოც ამ რეკმენდაციას გაითვალისწინებს. განმეორები ვაქცინაციისთვის პირებმა ამცრელ დაწესებულებას უნდა მიმართონ და წარადგინონ მოგზაურობის დამადასტურებელი საბუთი, რის საფუძველზეც მათი ვაქცინაცია დაიგეგმება. 

"ბოლო პერიოდში ჯანდაცვის სამინისტროს მომართა არაერთმა მოქალაქემ, რომელსაც უწევს მოგზაურობა უცხოეთში სხვადასხვა მიზნებიდან გამომდინარე. ისინი ითხოვდნენ ვაქცინაციას იმ ვაქცინით, რომელიც აღიარებულია ევროკავშირში, აშშ-ში. ამდენად მათთვის მნიშვნელოვანი იყო განმეორებითი ვაქცინაცია ამ დოზებით.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრების რეკომენდაციით, განსხვავებული ვაქცინით ვაქცინაცია დასაშვებია პირველი ვაქცინაციის დასრულებიდან 28 დღის შემდეგ. ამდენად ჩვენს შემთხვევაშიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს რეკომენდაცია და დავუშვათ იმ პირების განმეორებითი ვაქცინაცია, მათ მიერ მოთხოვნილი ვაქცინით, რაც გამომდინარეობს მოგზაურობის ან ბიზნეს მიზნებიდან. ეს შეიძლება იყოს "ფაიზერის" ვაქცინა ან ნებისმიერი სხვა ვაქცინა, რომელსაც ის ქვეყანა, სადაც პირი მიემგზავრება, იღებს", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.