მოძალადეებზე ელექტრონული ზედამხედველობა დაწესდება
ძალადობის განმეორების რეალური საფრთხის შემთხვევაში მოძალადეზე ელექტრონული ზედამხედველობა დაწესდება, - ამას ითვალისწინებს ცვლილებები, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა.
ცვლილებების თანახმად, ელექტრონული ზედამხედველობა დაწესდება შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად.
შსს-ს ცნობით, ძალადობის განმეორების რისკის შეფასება ხორციელდება შემაკავებელი ორდერის ოქმში ინტეგრირებული კითხვარის საფუძველზე.
ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, მხედველობაში მიიღება ძალადობის განმეორების რისკის დონე, მოძალადის მიერ წარსულში ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა, ძალადობის განხორციელებისას ცივი/ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ფაქტი და სხვა გარემოებები.
სამინისტროს განცხადებვაში მითითებულია, რომ ელექტრონული ზედამხედველობა ხორციელდება არაუმეტეს შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადით, რომელიც არ აღემატება 1 თვეს.
ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებისთვის აუცილებელია მსხვერპლის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის/საპროცესო წარმომადგენლის თანხმობა.
ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შემთხვევაში მოძალადეს სხეულზე ელექტრონული სამაჯური უმაგრდება. აღნიშნულის შედეგად ხდება მოძალადის მსხვერპლთან და წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიებთან მიახლოების რეალურ დროში კონტროლი.
ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების საკითხი ექვემდებარება სასამართლო კონტროლს.
პოლიციის მიერ გამოცემული ოქმი, გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს. მოძალადის ვირტუალურ მონიტორინგს უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ,,112".
მოძალადის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულება სავალდებულოა. მოძალადის მიერ ელექტრონული ზედამხედველობისათვის თავის არიდება იწვევს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
კანონპროექტი შსს-ს ინიცირებულია და მისი მიზანია მსხვერპლთა უსაფრთხოების დაცვის გარანტიების გაზრდა და დახვეწა. კანონპროექტის ამოქმედებამდე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) ხელშეწყობით გაზიარებული იქნა უცხო ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა და ექსპერტული ჩართულობით მომზადდა შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები. სისტემის დანერგვის მხარდაჭერის მიზნით, UN WOMEN-მა, შინაგან საქმეთა სამინისტროს 100 ელექტრონული მოწყობილობა (სამაჯური) და შესაბამისი ინფრასტრუქტურა გადასცა.