მინისტრი: ვაქცინაციის მსურველთა მომართვიანობა გაიზარდა, ამ ეტაპზე ჯგუფების გაფართოება არ იგეგმება
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ვაქცინაციისთვის ჯგუფების გაფართოება არ იგეგმება.
“ცვლილებები, რაც ვაქცინაციის საბჭომ მიიღო, ისედაც დაჩქარებულია და მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესში ფართო მასშტაბით ჩართულობის საშუალება მივეცით.
სარგებლის და ზიანის შეწონვა მიმდინარეობს. ის ჯგუფები, რომლებიც მონაწილეობენ ვაქცინაციის პროცესში, მათ მიმართ არსებული რისკები, კოვიდინფიცირების შემთხვევაში, წარმოადგენს გაცილებით მაღალ რისკს. ვთვლით, რომ ამ ჯგუფების პრიორიტეტულობა უნდა შევინარჩუნოთ“,- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ვაქცინაციის მსურველთა მიმართვიანობა გაიზარდა და დღეში 1 700-მდე ადამიანი იცრება, რაც ცუდი მაჩვენებელი არ არის.
მინისტრის განცხადებით, ვაქცინაციის კალენდრით, დღიური მიმართვიანობა ივნისი-ივლისში 3 000-მდე უნდა გაიზარდოს.
ინფორმაციისთვის, ამ ეტაპზე საქართველოში “ასტრაზენეკას“ და “ფაიზერის“ ვაქცინები გამოიყენება. მაისიდან ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვება “სინოფარმი“.
საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა შეუძლიათ: სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, 55 წლის და უფროს ადამიანებს, დიალიზზე მყოფ და ორგანო გადანერგილი პაციენტებს.