საზოგადოება
06/12/2021

მინისტრი სათამაშო ბიზნესის ახალ რეგულაციებზე: არ ვფიქრობ, რომ კომპანიები ამ ტვირთს ვერ აიღებენ

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო ბიზნესისთვის ახალი რეგულაციები შემოვა, კომპანიებს ეს ისეთ ტვირთად არ დააწვება, რომელსაც ვერ გაუძლებენ. 

მიმდინარე კვირაში სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით პარლამენტში კანონპროექტი დარეგისტრირდება. ახალი ნორმით, ჯამურად სექტორის გადასახადების დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით. შემოვა ახალი დაბეგვრის მექანიზმი, ე.წ. GGR-ის დაბეგვრა. 

მინისტრმა მოიყვანა მაგალითი, როგორ დაიბეგრებიან კომპანიები. პირობითად, თუ კონკრეტულ სათამაშო ოპერატორს თვის განმავლობაში შემოსავალი ექნება 100 ლარი, ამ თანხიდან კი, 30 ლარის მოგებას გასცემს, სხვაობა გამოვა 70 ლარი, რის 10%-საც შეიტანს ბიუჯეტში. 

"GGR-ის დაბეგვრა არცერთი კომპანიისთვის უცხო არ არის. ძალიან ბევრ ქვეყანაში მოქმედებს დაბეგვრის ეს მექანიზმი. არ ვფიქრობ, რაღაც ისეთი ნორმა შემოდის, რომლითაც გათვალისწინებულია, რომ კომპანიებმა ეს ტვირთი ვერ აიღონ", - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა. 

კანონის ცვლილებით, შეზღუდვა შეეხება სოციალურად დაუცველებს, საჯარო მოხელეებს. აგრეთვე ასაკობრივი ზღვარი აიწევს 25 წლამდე. 

"როდესაც სახელმწიფო სოციალურად დაუცველს ეხმარება, ის კი მიდის და ამ თანხას ტოტალიზატორში თამაშობს, ეს არ არის სახელმწიფოს მიერ გაცემული დახმარების მიზანი. რაც შეეხება საჯარო მოხელეებს, მათთვის ყველა სამინისტროს შინაგანაწესში აქვს გაწერილი, რომ ასეთი ტიპის საქმიანობა არ უნდა განახორციელონ, თუმცა ახლა ამის ატანა კანონმდებლობის დონეზე მოხდება. 

გარკვეული შეზღუდვები, რომელიც ასაკთან მიმართებაშია, შეამცირებს შემოსავლებს, თუმცა ეს საგადასახადო პოლიტიკა, რომელიც წარმოდგენილია, დააბალანსებს ამ შემცირებას",- აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.