საზოგადოება
21/01/2021

მინისტრი: რუსეთის მიერ ზიანის ანაზღაურების საკითხი დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად გადაწყდება

იუსტიციის მინისტრის გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა ქართველების ეთნიკური წმენდა განახორციელა.

„რუსეთი პასუხსმგებელია, როგორც სამხედროების წამებისათვის, ასევე დაახლოებით 160 სამოქალაო პირის დაკავებისა და ცხინვალის იზოლატორში არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისათვის“,- აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია, ცხინვალის რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სოფლების გადაწვის, ძარცვისა და განადგურებისთვის.

„სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს მთავრობის არგუმენტები რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ცხინვალის რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მიზანმიმართულად ქართული სოფლების გადაწვის, ძარცვისა და განადგურებისათვის. ეთნიკური წმენდისა და განგრძობადი ოკუპაციის პირობებში ათასობით ქართველი იძლებით იყო გამოძევებული საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან და დღემდე ეზღუდბეათ მიმოსვლის თავისუფლება“,- განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

რაც შეეხება რუსეთის მიერ ზიანის ანაზღაურებას, მინისტრის განცხადებით, დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, ეს საკითხი ცალკე პროცედურით გადაწყდება და მხარეებს პოზიციების წარსადგენად აქვთ 1 წელი.

Businesspartner