საზოგადოება
28/04/2021

მინისტრი: მესამე ტალღის სამართავად მზად ვართ

ჯანდაცვის მინისტრის განცახდებით, საქართველოკორონა ვირუსის მორიგი ტალღის სამართავად სრულად მზად არის. ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში, მინისტრის საათის ფარგლებში განმარტა, რომ პანდემიის განმავლობაში საქართველოს მიერ დანერგილი რამდენიმე პრაქტიკა საერთაშორისო დონეზე აღიარეს.

„ამ ეტაპზე მობილიზებულია 5 500 საწოლზე მეტი, რომელსაც გეგმაზომიერად გამოვიყენებთ. პანდემიის დასაწყისში, როდესაც არ გვქონდა სათანადო გამოცდილება, ყველა ინფიცირებულის ჰოსპიტალიზაციას ვახდენდით. მას შემდეგ, რაც დაგროვდა ბინაზე მკურნალობის წარმატებული გამოცდილება, ჰოსპიტალურ რესურსს მივმართავთ მხოლოდ იმ შემთხვევებზე, რომელთა მხარდაჭერა საჭიროებს კლინიკურ გარემოს. ამიტომ პაციენტების ჰოსპიტალიზაციაზე უარით სპეკულირება სრულიად უადგილოა. ასევე მობილიზებული გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროს ონლაინ კლინიკა, რომელიც გასულ წელს შევქმენით.

დამატებითი რესურსი გვაქვს მობილიზებული კლინიკური სასტუმროების სახით, რომელიც შუალედური რგოლია ბინასა და კლინიკაში მკურნალობას შორის.

კლინიკური სასტუმროების იდეა საერთაშორისო დონეზე იქნა აღიარებული და ძალიან ბევრმა ქვეყანამ ჩვენი საუკეთესო პრაქტიკა თავიანთ ქვეყნებში დანერგა. აღნიშნული მოცემულობიდან გამომდინარე, ვადასტურებთ, რომ ჯანდაცვის სისტემა, მისი საკადრო და ინფრასტრუქტურული რესურსით სათანადოდ მომზადებულია კოვიდ 19-ის ახალი ტალღის სათანადოდ მართვისთვის“,- აღნიშნა ტიკარაძემ.