საზოგადოება
22/11/2021

მინისტრი ახალ სოციალურ პოლიტიკაზე: დასაქმებულთა არმია უნდა მივიღოთ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების შესახებ ინიციატივის განხორციელებით, უნდა მივიღოთ ადამიანების 200 000-იანი არმია, რომლებმაც ქვეყნის ეკონომიკრ წინსვლაში თავიანთი წვლილი უნდა შეიტანონ.

“რა თქმა უნდა, ამდენი ადამიანი ერთ დღეში ვერ დასაქმდება და ეს პროცესი მოხდება ეტაპობრივად, დაახლოებით 2 წლის მანძილზე. გვინდა, რაც შეიძლება მალე დავიწყოთ ამ ინიციატივის განხორციელება. რაც შეეხება კერძო სექტორს, მოთხოვნა დიდია, თუმცა ადეკვატურად მიწოდება ვერ ხდება. ამაზე ვიზრუნებთ და ავაწყობთ ისეთ სტრუქტურას, რომ კერძო სექტორისთვისაც გაჩნდეს შესაძლებლობა დაასაქმოს ადამიანები.

სავარაუდოდ, პროექტის პრეზენტაციას გავაკეთებთ წლის ბოლოსთვის, თუმცა გვაქვს გარკვეული მონახაზები. ბევრი რამ დასაქმების პოლიტიკის მიმართულებით უკვე გაკეთებული აქვს ჯანდაცვის სამინისტროს, დამუშავებულია მონაცემთა ბაზები, შეიქმნა WorkNet-ი და ა.შ. ახალი სამუშაო ადგილების ჩამოსაყალიბებლად უამრავი საქმეა შესასრულებელი, რომელიც იქნება მუნიციპალურ საჯარო დონეზე, ასევე კერძო სექტორში.“–აღნიშნავს, ლევან დავითაშვილი.

ლევან დავითავილმა ასევე აღნიშნა, რომ შრომისუნარიან ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ სხვადასხვა ტიპის სამუშაო, ხოლო თუ ასეთი ადამიანი მუშაობაზე უარს აცხადებს, ეს ვერ იქნება მოდელის ნაწილი და ამგვარი სისტემის არსებობა არალოგიკურია.

“ამ ეტაპზე, ხელფასზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ბუნებრივია შემოსავლები გაიზრდება, ხოლო რაც შეეხება დეტალებს ეს უნდა დაზუსტდეს სამუშაო პროცესში. შრომისუნარიანი ნაწილის დასაქმებისთვის ყველა სამთავრობო უწყება მზად იქნება და იმუშავებს ამ ინიციატვის ფარგლებში. ამასთან, გავითვალისწინებთ სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკებს და ძალიან მალე საზოგადოებას დმაატებით დეტალებს გავაცნობთ“–განაცხადა, მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობა, სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი მოქალაქეების დასაქმების მიზნით ახალ პროგრამას იწყებს, რომლის ამოქმედებაც 2022 წლიდან იგეგმება. 

ამ თემაზე ვრცლად ისაუბრა პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ მოქალაქეებმა, რომლებსაც მუშაობა შეუძლიათ, სოციალური დახმარების სანაცვლოდ შრომის ანაზღაურება უნდა მიიღონ. 

"ვფიქრობ, ეს ინიციატივა შეცვლის რეალობას. ახალ შრომის კულტურას ჩამოვაყალიბებთ. შრომას უნდა მივაჩვიოთ ჩვენი მოქალაქეები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.