საზოგადოება
01/12/2021

მიხეილ ჩხენკელი: 2030 წელს ზოგადი განათლების ბიუჯეტი ₾2.2 მლრდ-ს გადააჭარბებს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ზოგადი განათლების კუთხით მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება იგეგმება, შესაბამისად, მომდევნო წლებში სფეროს დაფინანსებაც გაიზრდება. 2030 წელს ზოგადი განათლების ბიუჯეტი 2.2 მლრდ ლარს გადააჭარბებს. 

მისი თქმით, 2026 წლისთვის საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლა ინფრასტრუქტურულად იქნება გამართული. 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე ყველა სკოლა გაივლის ავტორიზაციას, რაც, მინისტრის შეფასებით, ზოგადი განათლების ხარისხს გააუმჯობესებს. ეტაპობრივად გაიზრდება სოციალური მუშაკებისა და მანდატურების რაოდენობა. 

"სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების საქმიანობა ხელს უწყობს საგანმანათლებლო პროცესებში ბავშვების ჩართულობისთვის ხელის შემშლელი ფაქტორების აღმოფხვრას", - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა. 

მისი განცხადებით, სამინისტროსთვის განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენს სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვები. 

"ინტენსიური მუშაობის შედეგად მათი რიცხვი საგრძნობლად შემცირდა", - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა. 

მინისტრის ინფორმაციით, 2022 წლის ბოლომდე ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იქნება როგორც სამედიცინო კაბინეტებით, ასევე ექიმისა და ექთნის მომსახურებით.

"დამტკიცების ეტაპზეა სკოლის ექიმის სტანდარტი. მის ფუნქციას საგანმანათლებლო კომპონენტი ემატემა", - აცხადებს განათლების მინისტრი. 

მისი თქმით, ბრიტანეთის საბჭომ საქართველოში ზოგად განათლებაში ინგლისური ენის სტარტეგია შეიმუშავა, რომელიც ინგლისური ენის სწავლების გაძლიერებას და ინგლისური ენის მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

"ზოგადი განათლების რეფომის განსაცხორციელებლად მომდევნო წლებში მნიშვნელოვნად გაიზრდება სფეროს დაფინანსება. 2030 წელს ზოგადი განათლების ბიუჯეტი 2.2 მლრდ ლარს გადააჭარბებს", - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში, სადაც მას მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.