მიდგომა, რომელიც ქვეყნიერებას შეცვლის - BTU-მ ანტრეპრენერობაზე მსოფლიო ბესტსელერი ქართულად გამოსცა
„მართალია, ანტრეპრენერობის სულისკვეთება ხშირ შემთხვევაში ინტუიციით მოქმედებას ნიშნავს, მაგრამ საკუთრივ საქმიანობის პროცესი ასეთი არ გახლავთ. ეს წიგნი გაგაცნობთ მდგრადი კომპანიის შექმნის შანსის გასაზრდელად საჭირო ისეთ სისტემურ მიდგომას, რომელიც ქვეყნიერებას შეცვლის,“ - ასეთია ერთ-ერთი შეფასება მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ბილ ოლეტის ავტორობით შექმნილი წიგნისა, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) მეწარმეობის ცენტრმა ქართულ ენაზე გამოსცა და სტრარტაპ ეკოსისტემაში ჩართულ ადამიანებს კიდევ ერთი ალტერნატიული გზამკვლევი შესთავაზა.
„გამართული ანტრეპრენერობა - 24 ნაბიჯი წარმატებული სტარტაპის შესაქმნელად“ - მსოფლიო გაყიდვების ლიდერი სახელმძღვანელო უკვე 21 ენაზეა ნათარგმნი და 200-ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება სტარტაპების, დამწყები მეწარმეების, მაღალრეიტინგული უნივერსიტეტების, ბიზნესაქსელერატორების და ინკუბატორების მიერ.
წიგნი თანმიმდევრულად აღწერს იმ საფეხურებს, რომელიც ანტრეპრენერმა ბაზრის სეგმენტაციიდან, პროდუქტის გეგმის შემუშავებამდე უნდა გაიაროს რომ შექმნას წარმატებული სტარტაპი.
„აღნიშნული წიგნის ქართულ ენაზე გამოცემა ადგილობრივი სტარაპ ეკოსისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასეთი დონის სახელმძღვანელო ქართულე ენაზე აქამდე არ არსებობდა. წიგნი ადგილობრივი სტარტაპებისთვის, საქართველოში შექმნილი ბიზნესისთვის, სტუდენტებისთვის, პროფესორებისთვის თუ მკვლევარებისთვის საინტერესო - სამეწარმეო საქმიანობის წარმართვის აბსოლუტურად განსხვავებულ ხედვას მოიცავს,“ - განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივესიტეტის რექტორმა, ნინო ენუქიძემ.
სახელმძღვანელო ყველასთვისაა - ვისაც ბიზნესგეგმების არ სწამს, მაგრამ ბიზნესის დაგეგმვის პროცესის სჯერა, ვინც ახლა იწყებს ან უკვე კარგა ხანია სამეწარმე სოფეროში მოღვაწეობს. წიგნში არ არის ზუსტი რეცეპტი წარმატებული სტარტაპის შესაქმნელად, ის შესაძლებლობაა ამბიციური ანტრეპრენერებისთვის - სცადონ ახალი მიდგომები, გადახედონ ძველ წესებს და კიდევ უფრო მეტად გაიზიარონ საერთაშორისო გამოცდილება.
წიგნის გამოცემის შესახებ შეთანხმება 2020 წლის ნოემბერში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა (BTU) და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტს (MIT) შორის პარტნიორობის შედეგად მოხდა, როდესაც BTU MIT-ს უმსხვილესი სამეწარმეო ქსელის, Martin Trust Center-ის წევრი გახდა.
წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა „პალიტრა ლ-თან“ და „ლურჯ ოკეანესთან“ თანამშრომლობით, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინიციატივით, საქართველოში აშშ-ის საელჩოს წიგნის თარგმნის პროგრამის მხარდაჭერით. სახელმძღვანელო გაყიდვაში უკვე დღეიდან ჩაეშვა.