მეტროში ე.წ. გამტარებლებს ბარათებს ჩამოართმევენ და დაუბლოკავენ
მეტროებში თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მონიტორინგის თანამშრომლებმა ე.წ. გამტარებლების მონიტორინგი დაიწყეს.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტროს სადგურებში კანონის დარღვევით მგზავრებს შეღავათით მოსარგებლეების ბარათებით გატარებას სთავაზობენ და თანხას იღებენ.
"ეს არ არის მათი აბონიმენტი. შეიძლება იყოს მათი ახლობლის, ოჯახის წევრის, რომელიც სოციალურად დაუცველია ან სტუდენტი და შეღავათიანი ბარათით სარგებლობს - უფასო მგზავრობით, 10 და 20 თეთრიანი ტარიფით. ე.წ. გამტარებლები ამ ბარათებით ატარებენ ადამიანებს და მათგან იღებენ თანხას. ეს რა თქმა უნდა კანონდარღვევაა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს აღმოიფხვრას. ასეთი უკანონო ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში კონტროლიორს სრული უფლება აქვს ჩამოართვას კანონდამრღვევს სამგზავრო ბარათი და დაბლოკოს. ყველა მოწოდების სიმაღლეზე უნდა ვიყოთ და ვებრძოლოთ მათ, ვინც კანონს არღვევს", - აღნიშნა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.