საზოგადოება
29/04/2021

მესტიის მერი: ადგილობრივი შემოსავლები მხოლოდ გადაუდებელ პრობლემებს აგვარებს

მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კახა ჟორჟოლიანი საქართველოში რეგიონების განახლების პროგრამას „ბიზნესპარტნიორთან“ აფასებს და აცხადებს, რომ ეს ინიციატივა დაეხმარება რეგიონს, იყოს ტურისტულად უფრო მეტად მიმზიდველი.

მისი განცხადებით, პროგრამა წინააპირობაა იმისა, რომ პანდემიის შემდეგ ეკონომიკა  შოკიდან გამოვიდეს, ამისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი კი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება  უნდა იყოს. მათ შორისაა, ტურისტული ზონების და სკვერების მოწყობა.

„აუცილებელია ქვეყანა მზად იყოს ტურისტების მისაღებად. მესტიაში აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გვინდა მოვაწყოთ 2 კმ სიგრძის სკვერი, ასევე სარეკრეაციო სივრცეეები. ვნახოთ ჩვენს  მუნიციპალიტეტზე რა ფინანსური რესურსები იქნება გამოყოფილი. შეთავაზებული გვაქვს რამდენიმე ვარიანტი, აქედან რომელიც ეკონომიკურად უფრო გამართლებული იქნება რეგიონისთვის, ის პროექტი იქნება მხარდჭერილი,“ - აცხადებს ჟორჟოლიანი.

მისივე განმარტებით, აუცილებელია სვანეთში გაჩნდეს კვების დამატებითი ობიექტები.

„ადგილობრივ მუნიციპალიტეტს რა შემოსავლებიც აქვს აგვარებს მხოლოდ იმას, რომ რეგიონში შეიქმნას სუფთა გარემო და აუცილებელი, გადაუდებელი პრობლემები გადაიჭრას. მოთხოვნები ყოველდღიურად იზრდება და მასთან ერთად  კეთილმოწყობის სამუშაოების აუცილებლობა დგება,“ - აცხადებს ჟორჟოლიანი.

მისი განცხადებით, წელს მესტიის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე 3 მილიონი ლარი დაიხარჯება. ჯამში ადგილობრივი ბიუჯეტი კი 10.5 მილიონ ლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, საქართველოში რეგიონების განახლების პროგრამა იწყება. პროგრამის პირველი ეტაპის ღირებულება 500 მილიონი ლარია. მისი განხორციელების პროცესში, პრემიერის განცხადებით, 15 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა პროექტის განხორციელების მიზნით ₾160 მლნ-ის ტენდერები უკვე გამოაცხადა.