საზოგადოება
08/07/2020

მერია ვერის ბაღისა და თბილისის დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციას გეგმავს

თბილისის მერია ვერის ბაღისა და თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტირებას გეგმავს, რის შემდეგაც ორივე პარკს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

კახა კალაძემ მერის მოადგილე მაია ბითაძეს ვერის ბაღისა და თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტირებისთვის ფინანსების მოძიება დაავალა, რომ შემდგომში მათი სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია მოხდეს.

„ვერის ბაღი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული რეკრეაციული სივრცეა, სრულ განახლებას საჭიროებს. სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის წინასაპროექტო კვლევა და დეტალური პროექტი უნდა მომზადდეს. საჭიროა ასევე თანხების მოძიება. დენდროლგური პარკი კი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაა, დაახლოებით, 150 ჰექტარზეა გადაჭიმული და აქაც შესაძლებელია საქალაქო დონის პარკის მოწყობა, სადაც ადამიანებს ყველა რაიონიდან ექნებათ შესაძლებლობა, მოვიდნენ, დაისვენონ. გავაკეთოთ საპიკნინე ადგილები, გასართობი ზონები. რაც კი თანამედროვეობასთან არის კავშირში, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია, ასეთი მასშტაბის სამუშაოები უნდა ჩატარდეს და რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს შესაბამისი თანხების მოძიება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის დახმარებით, ვერის ბაღისა და თბილისის დენდროლოგიური პარკის საპროექტო სამუშაოებს გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური განახორციელებს.

 

Businesspartner