მერია: კულტურის სფეროში კრიზისის დასაძლევად დაფინანსებას ვზრდით
კულტურის სფეროში კრიზისის დასაძლევად, თბილისის მთავრობა სფეროს დაფინანსებას ზრდის.
კახა კალაძის თქმით, გაფართოვდა შემოქმედებითი ინდუსტრიების ჩამონათვალიც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დარგის მდგრადი განვითარებისთვის შესაძლებელი გახდება, საკონკურსო პროექტის ფარგლებში, ხელოვანების საქმიანობისთვის საჭირო მოწყობილობების დაფინანსება.
„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ სფეროს წარმომადგენლებს ჩვენი მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა ჰქონდეთ. დავეხმარებით, რომ ეს რთული პერიოდი, პანდემია და COVID-19 მაქვს მხედველობაში, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე გაიარონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა რესტორნებისა და კლუბების მფლობელებს, ყოველგვარი გადასახადის გარეშე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტერიტორიების დროებით სარგებლობაში გადაცემა შესთავაზა.
„არსებობს რესტორნები და კლუბები, რომელთაც სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული პრობლემები აქვთ. ჩვენ, მუნიციპალიტეტს ქალაქის სხვადასხვა ადგილზე სხვასდასხვა ტერიტორია გაგვაჩნია. ეს შეიძლება იყოს შენობა-ნაგებობა, ან უბრალოდ ფართი. მზად ვართ, დროებით სარგებლობაში, ყოველგვარი გადასახადის გარეშე, სანამ ეს პრობლემები არსებობს, გადმოგცეთ იმისთვის, რომ ისარგებლოთ და თქვენი ბიზნესი განავითაროთ. შეიძლება ეს იყოს შენობა-ნაგებობა, შეიძლება უბრალოდ ტერიტორია, სადაც შესაძლებელია, ღია სივრცეში საკლუბო სცენის მოწყობა და თქვენი პროექტების განხორციელება“, - განაცხადა კახა კალაძემ.ს
კალაძის თქმით, პროექტი - „თბილისის ცის ქვეშ“ წელსაც განხორციელდება.
„დავიწყებთ პროექტის - „თბილისის ცის ქვეშ“ განხორციელებას, სადაც ქართული ესტრადის წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა, ეს პროგრამა გამოიყენონ და საზოგადოებას სხვადასხა სახის კონცერტი წარუდგინონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა მოადგილეს, ანდრია ბასილაიას დაავალა, კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან კომუნიკაციისას, კონკრეტული პროექტების განსახორციელებლად, დაფინანსების მზაობა დაადასტუროს.