საზოგადოება
28/09/2021

მედიკოსები აცრის კამპანიაში მონაწილეობისთვის ანაზღაურებით წახალისდებიან

ჯანდაცვის სამინისტრო რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს ახალ სქემას, რომლის მიხედვითაც, ოჯახის ექიმები და ექთნები უფრო აქტიურად ჩაერთვებიან 60 წლის ზემოთ ასაკის ჯგუფის ვაქცინაციის პროცესში. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ისინი შედეგზე ორიენტირებულ ანაზღაურებასაც მიიღებენ. 

"ოჯახის ექიმი და ექთანი, როგორც როგორც სოფლად, ასევე ქალაქებში, არის ყველაზე ახლოს 60 წლის ზემოთ ასაკის ჯგუფის მოქალაქეებთან, რადგან მათ ნაწილს აქვს ქრონიკული დაავადება, ისინი ოჯახის ექიმებს იცნობენ.

ჯანდაცვის სამინისტრო რამდენიმე დღეში გამოუშვებს ახალ სქემას, რაც ითვალისიწნებს ოჯახის ექიმების და ექთნების უფრო აქტიურად ჩართულობას ვაქცინაციის პროცესში და შედეგებზე ორიენტირებულ დაფინანსებას, ანუ როდესაც ოჯახის ექიმი იმუშავებს ამ ასაკობრივი ჯგუფის მოქალაქესთან და ის ამ მუშაობის შედეგად მიიღებს აცრის გადაწყვეტილებას და აიცრება, შესაბამისად ოჯახის ექიმის და ექთნის ანაზღაურება მოხდება, იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ მეტი სტიმული და მეტად აქტიურად შეძლონ უბანზე გასვლა. ასევე გამოიყოფა ადმინისტრაციული რესურსი იმისთვის, რომ მეტად აქტიურად მოხდეს უბანზე მუშაობა", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. 

მისი განმარტებით, უბანზე მუშაობა ნიშნავს სატელეფონო ზარს, ბინაზე ვიზიტს. 

"ვფიქრობთ, ეს დაგვეხმარება იმაში, რომ ის დაბალი ტემპი, რაც ჩვენ გვაქვს 60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, დაიფაროს", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.